„როგორც ჩანს, ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართულები იმისათვის, რომ ეს ომი გაგრძელდეს“ – მამუკა არეშიძე – ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ
“როგორც ჩანს, ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართულები იმისათვის, რომ ეს ომი გაგრძელდეს”, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, კონფლიქტოლოგმა, მამუკა არეშიძემ ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არეშიძის თქმით, მოსალოდნელია, რომ გარკვეული ფორმატი შედგება არა მხოლოდ მინსკის ჯგუფის კონტექსტში, არამედ – უფრო ფართო.
„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ის იყო, რომ რუსეთის შუამავლობა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ იქ სტაბილური ვითარება შექმნილიყო, ყოველ შემთხვევაში, ცეცხლი დროებით მაინც შეწყვეტილიყო.
როგორც ჩანს, ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართულები იმისათვის, რომ ეს ომი გაგრძელდეს. აქ ხომ არ იყო აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირება, ეს იყო რაც ზედაპირზე ჩანდა. სინამდვილეში ეს იყო მსხვილი მოთამაშეების ჭიდილი, პირველ ყოვლისა, თურქეთისა იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ამოცანები შეესრულებინათ, მათ შორის, რუსეთისაც. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მსხვილი მოთამაშეები ერთვებიან. შესაბამისად, ეს კონფლიქტი მალე არ დამთავრდება, ვიდრე არ მოხდება მთელი მსოფლიოს კონსოლიდირებული მიდგომა, იმ მსხვილი მოთამაშეებისა, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს ქმნიან. თუმცა, გაჩნდა გარკვეული იმედი იმისა, რომ ეს დაუმთავრებელი არ იქნება, ვფიქრობ, ცოტა ხანში გარკვეული ფორმატი შედგება არა მხოლოდ მინსკის ჯგუფის კონტექსტში, არამედ – უფრო ფართო, გაერო-ს უშიშროების საბჭოც დაემატება, ევროპელებიც გაინძრევიან და რაღაც გარკვეული შედეგი უნდა დადგეს. თუმცა, შედეგი არ დადგება, თუ თურქეთმა და აზერბაიჯანმა არ იგრძნეს თავი გამარჯვებულად“, – განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე მოსკოვში შეთანხმდნენ, თუმცა, იერიშები არ წყდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
თამუნა შეყილაძე