ამირან გამყრელიძე: თბილისში მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება.
„ჩვენი რეკომენდაცია, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ დიდი, მასშტაბური შეზღუდვები არ იქნება თბილისში, იქნება მხოლოდ წერტილოვანი, ვთქვათ – რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.
„ხშირად კითხულობენ შემზღუდველი ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბით ან სხვადასხვა რეგიონში დაწესების შესახებ, ამ საკითხზე რამდენჯერმე მოგახსენეთ მოსაზრება. ზოგადად, გლობალური პოლიტიკაა, რომ განსხვავებით გაზაფხულისა, ახლა უკვე ძლიერ, ე.წ. ლოკდაუნებზე და ძლიერ, მკაცრ შემზღუდველ ღონისძიებებზე ნაკლებად მიდიან ქვეყნები. უფრო ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზეა ლაპარაკი. მაგალითად, სკოლაში, როცა გვაქვს ინფიცირების შემთხვევები, არ იკეტება მთლიანად სკოლა, იკეტება თუ საჭიროა კლასი, ხდება ბავშვების თვითიზოლაციაში გადასვლა. თუ მასწავლებელს აქვს, შესაბამისად, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადასვლა და დაკვირვება შემდგომ 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების. ანუ, ეპიდემიოლოგებთან შედარებით ირჩევა ეს საკითხი, თუ საჭიროა, სკოლა ან კლასი გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ასე იქნება იგივე ბაღებთან და სხვა დაწესებულებებთან მიმართებით, რადგან პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს და ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.