ახალი პროექტი ტყის კოდექსის პრაქტიკულ განხორციელებას შეუწყობს ხელს

“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ გააცნეს”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების მხარდაჭერას ტყის დეგრადაციის გამომწვევ მიზეზებთან საბრძოლველად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წვდომის გაუმჯობესებას ტყის რესურსებზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის თქმით, პროექტის წარმატებული განხორციელება, დიდწილად, მასში მონაწილე სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებულ მუშაობაზეა დამოკიდებული.

„პროექტის წარმატებული განხორციელება, დიდწილად, დამოკიდებულია მასში მონაწილე სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებულ მუშაობაზე და ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურ ჩართულობაზე. 7 წლიანი პროექტი განხორციელდება დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. ჩვენ შევძლებთ, ეტაპობრივად, სრულად გადავიდეთ ტყის მდგრად მართვაზე, დავნერგოთ ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება, გავაუმჯობესოთ ზედამხედველობა, ხელი შევუწყოთ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წვდომას ტყის რესურსებზე და, მდგრადი სარგებლობით, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ კლიმატის ცვლილებების შერბილებაში”, – განაცხადა იური ნოზაძემ.

ღონისძიებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ კლიმატის მწვანე ფონდის მიერ, 2020 წლის 19 აგვისტოს, 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით დამტკიცდა. პროექტი, ტყის მდგრადი მართვის სისტემის დანერგვის მხარდაჭერის გზით, ტყის ახალი კოდექსის პრაქტიკულ განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები