თბილისში დღეს აფგან მუხთარლი ჩამოდის

თბილისში დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ჩამოდის.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია – “უფლებები საქართველო” ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მუხთარლი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება, საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს. ის ასევე გააკეთებს განცხადებას მედიისათვის და მიმდინარე გამოძიებაში მიღწეულ პროგრესს შეაფასებს.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე საქმეზე არცერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

აფგან მუხთარლის ინტერესებს საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“) იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა, სადაც მუხთარლის ოჯახს თავშესაფარი აქვს მიღებული. მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის იხდიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები