ქვეშეთი-კობის ახალი გზა და ტურიზმის პერსპექტივები – ინტერვიუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან

მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წელს დაიწყებს, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 1.240 მილიარდი ლარით აფინანსებს. ქვეშეთი-კობის ახალი გზა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წელიწადში გაიხსენება.

დაგეგმილია 23 კმ სიგრძის, 2 -ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, ასევე, 1 ხიდის რეაბილიტაცია. უპირველესად, პროექტი მიზნად ისახავს, შესაძლებელი გახადოს რეგიონში უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილებაწელიწადის ნებისმიერ დროს. თუმცა, ცხადია, გარდა ამისა, პროექტს უამრავი სარგებელი ექნება, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. კონკრეტულად, რა დადებით შედეგებს მოიტანს რეგიონსა და საქართველოსთვის ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მრჩეველმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილმა დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა ისაუბრა.

1. რა შედეგებს მოუტანს რეგიონს ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა ქვეშეთი-კობის ახალი გზა?

ეს პროექტი, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დასაქმდება უამრავი ადამიანი. გარდა ამისა, გაიზრდება რეგიონში გზის გამტარუნარიანობა. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყაზბეგისმუნიციპალიტეტი და სტეფანწმინდა აღარასდროს იქნება მოწყვეტილი დანარჩენ საქართველოს ზვავსაშიშ პერიოდში, ზამთარში. ეს რეგიონი მუდმივად იქნება გახსნილი და ექნება წვდომა როგორც დედაქალაქთან, ისე – სხვა რეგიონებთან. როგორც იცით, ზვავსაშიშროების გამო, არსებული გზა, ჯვრის უღელტეხილი ხშირად იკეტება და რეგიონი სრულად არის მოწყვეტილი ცივილიზაციას. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგალითად, 10-12 წლის წინ, როდესაც ყაზბეგი დაკეტილი იყო ორი თვის განმავლობაში. ასეთი შემთხვევები არა მარტო ეკონომიკურად აზიანებს ქვეყანას, არამედ – პოლიტიკურადაც. არ შეიძლება, რეგიონი ამდენი ხნით იყოს მოწყვეტილი დანარჩენ ქვეყანას. რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს: ეს პროექტი გააჯანსაღებს ეკონომიკურ სიტუაციას საქართველოში და მიმზიდველს გახდის სრულიად რეგიონს და, კონკრეტულად, კურორტ გუდაურს. გუდაურის ერთ-ერთი დიდი პრობლემა სატრანზიტო ავტომობილებია. სწორედ ეს უშლით ხელს ტურისტებს, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი კურორტზე. ქვეშეთი-კობის გზის აშენების შემდეგ, პრობლემა აღარ იარსებებს და კურორტის საინვესტიციო ღირებულებაც საგრძნობლად გაიზრდება. მაგალითად, ერთიორად გაიზრდება საბაგირო და სათხილამურო გზების ფასი ინვესტორისთვის. განაშენიანების რეგულირების გეგმა სრულფასოვნად ამოქმედდება და კურორტი უფრო ევროპული გახდება, აღარ იქნება გამონაბოლქვი.

2. რა გავლენას იქონიებს ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი ადგილობრივებზე? როგორ ფიქრობთ, დაუბრუნდებიან ისინი რეგიონს?

ეს ავტომატურად მოხდება. ქვეშეთი-არახვეთი-კობისთვის ეს არის ერთ-ერთი დიდი შანსი, რომ ადგილობრივები დასაქმდნენ. კონტრაქტის მიხედვით, დასაქმებულთა უმეტესი წილი სწორედ ადგილობრივებზე მოდის, იგეგმება მათი სამშენებლო სამუშაოებში ჩართვა. მეორე მხრივ, რეგიონი ტურისტულად უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტორთათვის, რადგან მცირდება ყაზბეგამდე მისასვლელი გზა. ასევე, გუდაურის განაშენიანების რეგულირების გეგმაში დევს საინვესტიციო პაკეტი, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა, უნიკალური გვირაბიდან დაახლოებით 300-400 მეტრში. გამოდის, რომ ინვესტორს ექმნება ორი დადებითი ფაქტორი – წვდომა დედაქალაქიდან და საერთაშორისო აეროპორტიდან მცირდება და, გარდა ამისა, გზა არ ჩაიკეტება მთელი წლის განმავლობაში. ეს განავითარებს ყაზბეგსაც და კობსაც, ანუ მთლიან რეგიონს. შესაბამისად, დასაქმდებიან ადგილობრივებიც. მართალი გითხრათ, მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ ამ ყველაფერს არსებული ადამიანური რესურსი ეყოს. აუცილებლად იქნება საჭირო, რომ მოხევეები, მთიულები, დედაქალაქიდან თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ, ამ პროექტზეც იმუშაონ და შემდეგ ტურისტულ ბიზნესში ჩაერთონ.

3. რა არგუმენტები შეიძლება, წარვუდგინოთ იმ ადამიანებს, ვინც ეწინააღმდეგებიან რეგიონში გზის მშენებლობას და ამბობენ, რომ ამით დაზიანდება უნიკალური ბუნება და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები?

აქ არგუმენტები არ არის საჭირო. მთავარია ის, რომ უნდა განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი, რაც ამ პროექტით გათვალისწინებულია კიდეც. თავად იმ ადამიანებმა, ვისაც გარკვეული ეჭვები აქვთ, უნდა აწარმოონ მონიტორინგი. ვიცი, რომ პროექტში ბევრი სპეციალისტია ჩართული, სამინისტრომ გამოაცხადა მზაობა, რომ მინიმალური შეხება ჰქონდეს ბუნებასთან, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან. შესაბამისად, გამორიცხულია, დაზიანდეს რომელიმე ისტორიული ძეგლი. ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და ეს პრობლემა აუცილებლად აღმოიფხვრება. როდესაც ექსპერტები იტყვიან, რომ პროექტი კვეთს წითელ ხაზებს, ეს პროექტი აუცილებლად შეიცვლება.

4. ეკონომიკური თვალსაზრისით, რამდენად მომგებიანი და გამართლებულია ამხელა ინვესტიცია?

მე მიმაჩნია, რომ ქვეშეთი-კობის ახალი გზა სწორედ ის პროექტია, რომლისთვისაც ვალი აუცილებლად უნდა აგვეღო და განვმარტავ, რატომ. ეს ვალი არის გრძელვადიანი და, რეალურად, უპროცენტო. აღნიშნული პროექტი მოიტანს ძალიან დიდ სარგებელსა და აღმავლობას რეგიონისთვის. რომ დაითვალოს ნებისმიერმა ეკონომისტმა, მიხვდება, რომ თანხა, რომელიც ჩაიდება ამ პროექტში, ვერ იქნება წამგებიანი. მეტიც, ფაქტობრივად გამოვა, რომ ეს პროექტი არაფერიც არ დაჯდა, იმდენად დიდი იქნება მოგება. რეგიონში შემოდის მდგრადობა, რაც მეტ ინვესტიციას გულისხმობს, თავისთავად. ზუსტად ასეთი პროექტებით უნდა გაძლიერდეს ქვეყანა და ინფრასტრუქტურამ უნდა მიგვიყვანოს კეთილდღეობამდე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები