“დღევანდელი სიღარიბე ათეული წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო”

„და მაინც, არსებობს საკითხი, რაშიც ვეთანხმებით უკლებლივ ყველა ოპონენტს და რაც ობიექტურ რეალობას ასახავს. ეს არის, ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე. კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი და უმუშევარი მოქალაქე; ვიცით, რომ უამრავ ადამიანს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები”, – „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიღარიბე „ქართული ოცნების” ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო:

„დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა და ჩვენ მის არსებობას, რასაკვირველია, ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების” მმართველობის შედეგია.

დღევანდელი სიღარიბე ათეული წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე, იმ ოცწლიანი, უწყვეტი დაღმასვლის და კატაკლიზმების შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა, რომლებზეც უკვე ვისაუბრე და აღარ გავიმეორებ.

ამიტომ, უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე, სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, მემკვიდრეობით ერგო „ქართული ოცნების” ხელისუფლებას.

განსაკუთრებით მიუღებელია კრიტიკა და ბრალდებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ვინც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, მხოლოდ 4 პროცენტით მოახერხა სიღარიბის შემცირება და 2012 წელს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ 123 ათასი მოქალაქე დაგვახვედრა.

სიღარიბის დაძლევის ესოდენ დაბალი მაჩვენებელი, დიდ წილად, 2008 წლის ომის თანამდევი ეკონომიკური კრიზისის არაეფექტურმა და უგუნურმა მართვამაც განაპირობა. კრიზისის დასაძლევად აღებული ოთხი მილიარდი დოლარი საგარეო ვალი, რომელიც დღემდე უმძიმეს ტვირთად აწევს ქვეყანას, ეკონომიკის გაჯანსაღებას კი არ მოხმარდა, ეს ფული, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენეს მაშინდელმა ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა ბანკირებმა მაშინ, როცა გაჭირვებაში მყოფ ხალხს რეალური დახმარების ხელი არც უგრძვნია.

ამასობაში, „ქართულმა ოცნებამ” ნამდვილი მაგალითი აჩვენა, როგორ უნდა დაუდგე ხალხს გვერდში, შეუმსუბუქო ყოფა და აგრძნობინო, რომ მარტო არ არის განსაცდელის პირისპირ. დღეს, როდესაც პანდემიის გამო, უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა და გაჩერდა მთელი მსოფლიო, ლოგიკური და სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკას გაუჭირდა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რომ კვლავ წელში გავიმართოთ. ვალი, რომლის აღებაც ჩვენს ხელისუფლებას მოუწია, მთლიანად ხმარდება ხალხს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა, სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს, ბავშვებს. ამავე დროს, მიზნობრივი დახმარება გაეწია ყველა იმ დარგს, რომელმაც ეკონომიკა უნდა გადაარჩინოს, იქნება ეს მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი თუ სხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამასაც მოვერევით და კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვალთ, რადგან ყველა თეთრი, რაც კრიზისის დროს მოვიზიდეთ, ხმარდება ქართულ ეკონომიკას, მის მდგრადობას და განვითარებას. წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება” ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს და რაც მთავარია, არ იპარავს მას.

ჩვენ, რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება – 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან, თუმცა, კიდევ გვრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, 700 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე. ეს ძალიან დიდი რიცხვია. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ერთიანობით, თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ პრობლემასაც წარმატებით დავძლევთ”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები