emerging-europe: მინისტრ ბაირამოვის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენისთვის, რაც დროებით შეაფერხა პანდემიამ

გასულ კვირას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მათი ქვეყნების არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ბაქოსა და თბილისს მყარი ურთიერთობა აქვთ, რომელიც ემყარება რეგიონული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ენერგეტიკისა და ვაჭრობის მიმართულებით ორმხრივი ინტერესების გააზრებას. თუმცა, არსებობს სადავო საკითხებიც”,- გამოცემა „emerging-europe” სტატიას სახელწოდებით „მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოსაგვარებლად” აქვეყნებს.

ავტორის თქმით, მინისტრ ბაირამოვის ვიზიტმა გასულ კვირას წინ წამოწია საქართველოს მტკიცე რწმენა, რომ 1996 წლიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხებზე მომუშავე ერთობლივმა კომისიამ მიიღო წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მინისტრმა ზალკალიანმა კოლეგას წარუდგინა კარტოგრაფიული მასალა და ექსპერტის დასკვნები, რაც საქართველოს მიაჩნია, რომ საზღვართან დაკავშირებულ უთანხმოებას ნათელს მოჰფენს.

აქვე, ნათქვამია, რომ მინისტრ ბაირამოვის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენისთვის, რაც დროებით შეაფერხა პანდემიამ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ემყარება საერთო ინტერესებსა და ათწლეულების განმავლობაში პარტნიორობას

„ურთიერთობა შედარებით სტაბილური იყო მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა 90-იანი წლების დასაწყისში. საქართველო გახდა მთავარი სატრანზიტო გზა აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის რესურსების დასავლეთისთვის მიწოდებისათვის, ხოლო აზერბაიჯანი აწვდის საქართველოს ნახშირწყალბადებს და ეხმარება თბილისს ნავთობისა და გაზის იმპორტის დივერსიფიკაციაში. კონსტრუქციული პარტნიორობის ფონზე, სამხრეთ კავკასიის ორმა ქვეყანამ წარსულში დატოვა უთანხმოებები. ამ ბოლო დროს კი ამ საკითხებმა კვლავ იჩინა თავი

გასაგებია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოება არ არის გამოკვეთილი ამ რეგიონის უფრო აქტუალური პრობლემების ფონზე, როგორიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. მიუხედავად ამისა, თუ ეს პრობლემები დროულად არ მოგვარდა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საკითხებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ვითარება სამხრეთ კავკასიაში და ნაყოფიერი ნიადაგი შექმნას რეგიონში არასტაბილურობით დაინტერესებული ქვეყნებისთვის. საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის დაძაბულობის სამი ძირითადი წყარო დროულად უნდა იქნას განხილული დიპლომატიური არხების მეშვეობით. ჯერ ერთი, ივლისში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მზარდი უთანხმოების ფონზე, საქართველო უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს სერბეთიდან სომხეთში იარაღის ტრანზიტის ხელშეწყობაში. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მთავრობას ოფიციალურად არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო, მედიის რეპორტაჟმა ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბა. მინისტრ ბაირამოვის საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარყო ეს ბრალდებები და მადლობა გადაუხადა საქართველოს იმის გამო, რომ არ დაუშვა იარაღის გადაცემა მისი ტერიტორიის გავლით. მეორეა აზერბაიჯანული კომპანიის ,,NEQSOL Holding”- ის მიმდინარე და გადაუჭრელი საკითხი სატელეკომუნიკაციო ფირმა „კავკასუს ონლაინში” – მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ყველაზე დიდი პროვაიდერი – 49%-იანი წილის შესიყდვასთან დაკავშირებით. ივლისში, წინასწარი შეტყობინების არარსებობის გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ დაბლოკა ტრანზაქცია. ამან გამოიწვია საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” ცვლილების შეტანა. ,,NEQSOL”- მა, აზერბაიჯანის სატელეკომუნიკაციო სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშემ, უკრაინული ,,Vodafone” 2019 წელს შეიძინა და სურვილი ჰქონდა გაეფართოვებინა ბიზნესი საქართველოშიც. კავკასუს ონლაინში მცირე წილის შეძენა აზერბაიჯანულ კომპანიას საშუალებას მისცემდა წვდომა ჰქონოდა ქართული კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან ფიზიკურ აქტივზე – კავკასიის საკაბელო სისტემაზე. ეს არის ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც ევროპიდან გადასცემს ინტერნეტ ტრაფიკს სამხრეთ კავკასიასა და კასპიის აუზს შავი ზღვის აუზის გავლით. ბოლოს – ყველაზე აქტუალური მინისტრ ბაირამოვის ვიზიტისას – მიმდინარე არეულობა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში / კეშიკჩიდაგის მონასტერში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პირობით საზღვარზე მდებარეობს. 24 წლის განმავლობაში საქართველომ და აზერბაიჯანმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს საზღვარი მონასტრის გარშემო. ამან გამოიწვია არეულობის მომენტები, რომელთაგან უკანასკნელი დაფიქსირდა თებერვალში, როდესაც აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა შეზღუდეს შესვლა ამ ტერიტორიაზე. მინისტრ ბაირამოვის ვიზიტმა გასულ კვირას წინ წამოწია საქართველოს მტკიცე რწმენა, რომ 1996 წლიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხებზე მომუშავე ერთობლივმა კომისიამ მიიღო წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. სინამდვილეში, ამან განაპირობა ქართული მიწის მნიშვნელოვანი ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემა, იმ ტერიტორიის ჩათვლით, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს”,- წერს გამოცემა.

ავტორის თქმით, საქართველოსთვის, ძირითადად ქრისტიანული საზოგადოებისათვის, მონასტერი ეროვნული იდენტურობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა, ხოლო უპირატესად მუსულმანური აზერბაიჯანისთვის ამ საკითხს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აზერბაიჯანი მონასტერს ალბანეთის ძველი მემკვიდრეობის ნაწილად მიიჩნევს და საკითხს მხოლოდ საზღვრის სადემარკაციო პრიზმიდან აფასებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ადრე შეთანხმდნენ საზღვრის დემარკაციის ორ მესამედზე, დარჩენილი 35 პროცენტი, მონასტრის ჩათვლით, სადავო რჩება.

„2019 წლის აპრილში მონასტრის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ, პრეზიდენტმა ალიევმა ამ საკითხზე სამუშაოდ სპეციალური დესპანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხალაფ ხალაფოვი დანიშნა. შედეგად, საზღვრის დემარკაციაზე მომუშავე ერთობლივმა კომისიამ მომდევნო თვეში განაახლა მოლაპარაკებები. გასულ კვირას, ვიზიტის დროს, მინისტრმა ზალკალიანმა კოლეგას წარუდგინა კარტოგრაფიული მასალა და ექსპერტის დასკვნები, რაც საქართველოს მიაჩნია, რომ საზღვართან დაკავშირებულ უთანხმოებას ნათელს მოფენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ შერეულმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, შეიტანონ თუ არა 2006-7 წლების სასაზღვრო ხელშეკრულებაში ცვლილებები „ახალი მასალების საფუძველზე და ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტები უზრუნველყოფს კონსენსუსის გზით საზღვრის საკითხის მოგვარებას. მედიის ინტერესის მიუხედავად, მან უარი თქვა თავის კოლეგასთან გაზიარებული დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე. ამან დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეებსა და მედიაში ბუნდოვანების განცდა შექმნა. ზოგი ითხოვდა დამატებით განმარტებას და ფიქრობდა, რომ შეთანხმებით სპეკულირება შეიძლება საზიანო ყოფილიყო საქართველოს ინტერესებისთვის. მრავალმხრივ, Covid-19- მა დიპლომატია ჩიხში შეიყვანა. როდესაც ლიდერები ერგებიან ძალზედ იშვიათ პანდემიას, მათი ყურადღება გამახვილებულია მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე და არა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე. შეხვედრები და ოფიციალური ვიზიტები შეჩერებულია ვირუსის გადავლამდე, რაც ნიშნავს, რომ დაძაბულობა და ხანგრძლივი დავები მოუგვარებელი რჩება”,- წერს გამოცემა.

სტატიის დასასრულს ნათქვამია, რომ მინისტრ ბაირამოვის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენისთვის, რაც დროებით შეაფერხა პანდემიამ.

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ემყარება საერთო ინტერესებსა და ათწლეულების განმავლობაში პარტნიორობას. მჭიდრო თანამშრომლობა თბილისსა და ბაქოს შორის არა მხოლოდ ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. თუმცა, არსებობს დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი საკითხები, რომელთა მოგვარება საჭიროა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად”,- აცხადებს ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები