ევროკომისია: „LGBTIQ+ იდენტობა მკურნალობას არ საჭიროებს“
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ LGBTIQ+ იდენტობა „მკურნალობას არ საჭიროებს“ და „კონვერსიული პრაქტიკების“ წინააღმდეგ ბრძოლას მხარდაჭერას უცხადებენ.
ევროკომისიის განცხადებით, „კონვერსიული პრაქტიკები“ ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში უკვე აკრძალულია.
„მილიონზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი პეტიციას „ევროპის მოქალაქეთა ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც კონვერსიული პრაქტიკის აკრძალვას მოითხოვს. ჩვენ გვესმის თქვენი ხმა. ჩვენი პასუხი მტკიცეა: ეს ინტერვენციები უნდა დასრულდეს. LGBTIQ+ იდენტობა არ საჭიროებს მკურნალობას. LGBTIQ+ თემის თითოეული წევრი იმსახურებს ცხოვრებას ძალადობისა და დისკრიმინაციის გარეშე. ჩვენ თქვენს იმედებს არ გავაწბილებთ“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ევროკომისიას ამ ეტაპზე არ წარუდგენია ევროკავშირის მასშტაბით სავალდებულო აკრძალვის კანონპროექტი და საკითხზე წევრ სახელმწიფოებთან მუშაობას აგრძელებს.