შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი დოკუმენტური ფილმის, “ცხინვალი 1920-ის” გადაღების იდეას ეხმაურება და ფილმის შემქმნელთა ინიციატივას – დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით წარმოაჩინონ სიმართლე, მნიშვნელოვნად აფასებს.
მინისტრის განცხადებით, კრემლის სამიზნეს სწორედ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის ერთიანობა წარმოადგენს, შესაბამისად, მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, შესაბამისი დარგების ექსპერტებისა და მედიის კონსოლიდებული მუშაობა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ.
“დღეს მთელი დასავლური სამყარო, განსაკუთრებით კი, ამ სივრცეში მყოფი პოსტსოციალისტური ქვეყნები წარმოადგენს რუსეთის შენიღბული გავლენის გავრცელების აგრესიული პოლიტიკის სამიზნეს, რომლის განხორციელებისთვისაც ის „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტთა ნაკრებს, მათ შორის, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას აქტიურად იყენებს.
ისტორიის გაყალბებით, პოლიტიკური მითებისა და სტერეოტიპების დამკვიდრებით ის ალტერნატიული ნარატივისა და დესტრუქციული განწყობების შექმნას ისახავს მიზნად. ეს პოლიტიკა მიმართულია ხანგრძლივი განვითარების პროცესის შედეგად ჩამოყალიბებული დემოკრატიული ღირებულებების დაკნინებისკენ, რადიკალიზმის გაღრმავებისა და საზოგადოებებში პოლიტიკური და სოციალური ერთიანობის შესუსტებისკენ.
როგორც ცნობილია, საქართველოსთან მიმართებით რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია პროვოკაციული ქმედებების, სამხედრო აგრესიის თუ „ჰიბრიდული ომის“ წარმოების არსენალი, მანამდეც, სანამ ეს უკანასკნელი ტერმინი საერთაშორისოდ დამკვიდრდებოდა, რათა მიეღწია საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების შეფერხების, ქვეყნის მიერ არჩეული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის შეცვლის, ისევე, როგორც საქართველოში აფხაზური და ოსური საზოგადოებების შუღლის გაღვივების მიზნებისთვის.
ამის ერთ-ერთი უკანასკნელი ნათელი მაგალითი იყო ვლადიმერ პუტინის მიერ 2019 წელს გაკეთებული კომენტარი საქართველოში ე.წ. ოსების გენოციდის შესახებ.
რუსეთის მხრიდან ამგვარი, კარგად გააზრებული ქმედებების საწინააღმდეგოდ, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლების – მათ შორის, არასამთავრობო სექტორის, შესაბამისი დარგების ექსპერტების, მედიის კონსოლიდაციას, რადგან კრემლის სამიზნეს სწორედ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის ერთიანობა წარმოადგენს.
ამ კონტექსტში, საქართველოში 1920 წელს მიმდინარე მოვლენების თაობაზე რუსეთის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით ფილმის შემქმნელთა და ისტორიკოსთა ინიციატივა – დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით წარმოაჩინონ სიმართლე და დაუპირისპირონ დეზინფორმაციას – მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. მისასალმებელია, რომ „ცხინვალი 1920“-ის იდეის ავტორების ძალისხმევა სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, – აცხადებს თეა ახვლედიანი.