ეკა ბესელია: რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების თარიღს, ალბათ, უფრო შეიძლება, იყოს მწვავე კერები

“რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების თარიღს, ალბათ, უფრო შეიძლება, იყოს მწვავე კერები”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქეთ, რომ მათ მაქსიმუმი გააკეთონ.

„რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების თარიღს, ალბათ, უფრო შეიძლება, იყოს მწვავე კერები. ამიტომ, სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ მათ მაქსიმუმი გააკეთონ, რომ პარტიულ დღის წესრიგს გაემიჯნონ. ყველაზე მეტად გამოცდის წინაშე დადგებიან საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოები და ტყუილად არ ყოფილა აშშ-ის ელჩის შეხვედრა გენპროკურორთან. ალბათ, იმ შეხვედრის ერთადერთი მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო სწორედ ის, რომ ამ ვითარებაში საგამოძიებო ორგანოებს აქვთ განსაკუთრებული როლი, მოახდინონ სწრაფი და სამართლიანი რეაგირება ასეთ ქმედებებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ახლა ნერვებმა უმტყუნოს, რადგან როცა ძალაუფლებას ემშვიდობები და მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე დგახარ, ეს ხელისუფლებისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე შემთხვევით არიან მოხვედრილები, არის უდიდესი ფსიქოლოგიური გამოცდა. შეიძლება, ამ ცდუნებას და ამ გამოცდას ბევრმა ვერ გაუძლოს“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ამას სჭირდება არა ვიშვიში, არამედ სწრაფი რეაგირება.

“რასაც ვუყურებ, საარჩევნო გარემო აშკარად შეიცვალა და მშვიდი საარჩევნო კამპანია აგრესიული სახის მიღებას იწყებს“, – განაცხადა ბესელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები