მამუკა არეშიძე: შეიძლება, არჩევნების ჩატარება საერთოდ საეჭვო გახდეს – კოვიდინფექციის გავრცელების სისწრაფის გათვალისწინებით ამასაც ვერ გამოვრიცხავთ
“მთავრობას ახლა ხელს აძლევს არჩევნების ჩატარება, რადგან, მიუხედავად დიდი პრობლემებისა, დღეს მაინც უკეთეს მდგომარეობაშია”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისივე თქმით, ეპიდემიიდან გამომდინარე, შესაძლოა, არჩევნების ჩატარება საეჭვო გახდეს.
“მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე, ფაქტობრივად, ერთი თვეა დარჩენილი, ისეთი არაპროგნოზირებადი ვითარებაა, რთულია მოსაზრების გამოთქმა. შეიძლება, ისეთი კატასტროფული ვითარებაც კი შეიქმნას, რომ არჩევნების ჩატარება საერთოდ საეჭვო გახდეს – კოვიდინფექციის გავრცელების სისწრაფის გათვალისწინებით ამასაც ვერ გამოვრიცხავთ. მაღალტექნოლოგიურ ქვეყნებში შესაძლოა, არჩევნების ჩატარებაც ონლაინ გადაწყვიტონ, მაგრამ ჩვენთან არც მეთოდოლოგია გვაქვს ამისთვის, არც ტექნიკურად ვართ აღჭურვილი და ქვეყანაში არც ფსიქოლოგიური განწყობაა შესაბამისი. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს – გამაღიზიანებელი ის არის, რომ დღეს ხელისუფლებას ის ადამიანები უკიჟინებენ და მიუთითებენ შეცდომებზე, ვინც გაზაფხულზე მის შემზღუდავ ნაბიჯებს აკრიტიკებდნენ. ჩემი აზრით, იმ ეტაპისთვის ის ზომები მისაღები იყო, მაგრამ ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება. პანდემიის გამო გაცილებით ძლიერ ქვეყნებს აქვთ პრობლემები და ჩვენთან რაც ხდება, სულაც არ არის გასაკვირი. ეკონომიკას ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგა, ჩვენი საბაზო მდგომარეობა ნამდვილად არ იყო ისეთი, პანდემიის ასეთ შემოტევას დიდხანს გავმკლავებოდით. იმ 4-5-თვიან მონაკვეთში როგორც გაუმკლავდა ხელისუფლება ამას, ისიც გასაკვირია. ეს დაგვიჯდა უდიდეს ძალისხმევად, უზარმაზარ ფინანსურ დანაკარგად. ამას ემატება აღებული საგარეო სესხი, გაჩერებული წარმოებები და საზოგადოებრივი ცხოვრება, ფაქტობრივად, გამქრალი ტურიზმი…
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც თავს იჩენს ძალადობის ფაქტების მატებაში… თუ გავაანალიზებთ იმას, რაც პანდემიის გამო მთელს მსოფლიოში ხდება, შეიძლებოდა გათვლა, თუ როგორი ფსიქოლოგიური ფონი შეიქმნებოდა.
გია ხუხაშვილს ვეთანხმები, საზოგადოებაში შიში ნამდვილად არსებობს. შეიძლება, ბევრი ამტკიცებს, რომ კორონა არ არსებობს და ვიღაც მასონებმა მოიგონეს, მაგრამ გულში ყველას ეშინია, რომ შეეყაროს ინფექცია, როგორ გადაიტანს. ამ შიშის გამოა შექმნილი ასეთი უარყოფითი ემოციური ფონი და ადამიანების ნაწილის ისტერიკული მდგომარეობა. ჩვენს მეზობლებში: რუსეთში, სომხეთსა და ა.შ. – თითქოს შეეჩვივნენ დანაკარგს… რაც სომხეთში მარტსა და აპრილში ხდებოდა, ის ხდება ჩვენთან დღეს – ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და არა – ინფიცირებულების რაოდენობას. ამას თან ერთვის მედიასაშუალებების უაღრესად ნეგატიური ინფორმაცია და დაძაბული ურთიერთობა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფებს შორის. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ქვეყანაში ფეთქებადი ვითარებაა… აი, ამ ფონზე მივდივართ არჩევნებისკენ და რაც უფრო გაძლიერდება კორონავირუსის შემოტევა, მით უფრო დამძიმდება ეს ფონი. ვფიქრობ, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით კი – მმართველმა პარტიამ…”, – განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე – “ბრძანეთ, შეიძლება არჩევნების ჩატარება საეჭვო გახდესო… როგორ ფიქრობთ, “ქართულ ოცნებას” ეს ხელს აძლევს?” -რესპოდენტი პასუხობს – არანაირად… მთავრობას ახლა ხელს აძლევს არჩევნების ჩატარება, რადგან, მიუხედავად დიდი პრობლემებისა, დღეს მაინც უკეთეს მდგომარეობაშია. მეტადაც რომ დამძიმდეს ვითარება, შეიძლება, “ქართული ოცნება” ინერციით ოქტომბრის ბოლომდე მაინც უპირატესობით მივიდეს და გამარჯვებაც მოიპოვოს.
არჩევნების, ვთქვათ, ექვსი თვის შემდეგ ჩატარება, როდესაც უმძიმესი ზამთარი გვაქვს გასავლელი, მათთვის გაცილებით მძიმე იქნება…”.