“ეს ფილმი დაგვიანებული, მაგრამ ძალიან საჭირო დასაწყისია, რომელიც მეცნიერული კვლევებითა და ნაშრომებით უნდა გაგრძელდეს” – ზურაბ ბენდიანაშვილი – “ცხინვალი 1920-ის” შესახებ
„ეს ფილმი დაგვიანებული, მაგრამ ძალიან საჭირო დასაწყისია, რომელიც მეცნიერული კვლევებითა და ნაშრომებით უნდა გაგრძელდეს”,- ასე აფასებს კონფლიქტოლოგი, ზურაბ ბენდიანაშვილი ფილმ „ცხინვალი 1920“-ის შექმნის იდეას.
კონფლიქტოლოგის მოსაზრებით, 1920 წლის აჯანყების გენოციდად წარმოჩენას არა მხოლოდ რუსეთი, არამედ სეპარატისტულად განწყობილი ოსებიც ცდილობენ, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას წარმატებით ახერხებენ.
„თავსმოხვეული დეზინფორმაციული ნარატივების მთელ ნაკადზე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგაა მიმართული, კვალიფიციური პასუხის გაცემაა საჭირო. ეს, უშუალოდ, ცხინვალის ისტორიას ეხება. დეზინფორმაცია მხოლოდ რუსებისგან არ მოდის, ამაში მონაწილეობას იღებენ სეპარატისტულად განწყობილი ოსები, რომელთაც მეცნიერებასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ისინი შესანიშნავად ახერხებენ ამ პროპაგანდის გატარებას. იქ მეცნიერული ცნება აბსოლუტურად უგულებელყოფილია. როგორც წესი, საზოგადოებაში გარკვეულ თეზისს შემოიტანენ და სასურველი მიმართულებით ავითარებენ, რასაც შემდეგ ყველა იტაცებს…
სამწუხაროდ, ამ თემის ირგვლივ არც ადამიანთა ჯგუფი იყო მობილიზებული არასდროს და არც სახელმწიფო რესურსი. ამ ყველაფერს პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. რაც შეეხება ამ პასუხის ფორმას, ის მრავალგვარი შეიძლება იყოს. საინტერესო იქნება ერთობლივი ნაშრომიც, რომელსაც ქართველები ოსებთან ერთად შექმნიან. შეგვიძლია, შევთავაზოთ ერთობლივი კვლევა და მათ ჩვენთან ერთად ნახონ, როგორი იქნება სიმართლე.
ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია ის, რაც ჩვენმა ძალიან კარგმა მკვლევარებმა გააკეთეს და რასაც ამ ფილმის სახით ვიხილავთ. თავად ფილმის ფორმატი ძალიან კარგია და ფართო წრეებისთვის კლასიკურ ფორმატს წარმოადგენს. როგორც კი იქ სამეცნიერო სივრცე გაჩნდება, აკადემიურად უნდა ვესაუბროთ, მაგრამ ახლა ეს ფილმი მნიშვნელოვანია არა მარტო მათი თვალსაზრისით, არამედ ქართული საზოგადოებისთვისაც, რომელიც შეძლებს, უფრო უკეთ ჩაიხედოს ისტორიაში. ასევე, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ პრობლემებზე მუშაობენ და საწყისი ცოდნა სჭირდებათ. რომ შევაჯამოთ, ეს ფილმი დაგვიანებული, მაგრამ ძალიან საჭირო დასაწყისია, რომელიც მეცნიერული კვლევებითა და ნაშრომებით უნდა გაგრძელდეს”, – აღნიშნავს ზურაბ ბენდიანაშვილი.