თეონა თამაზაშვილი: დავაყენებ თამარის ფსიქოლოგის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელიც ვერ მიხვდა, ჰქონდა თუ არა მას სუიციდის მცდელობა

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის სელფვიდეოების გავრცელების შემდეგ უამრავი კითხვა ჩნდება, რომელსაც ბაჩალიაშვილი პასუხს თავად სცემს არსებული ხმოვანი და ვიდეოჩანაწერების საშუალებით.

თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოჩანაწერებში სამუშაო გარემოსა და თანამშრომლებთან საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობს, რასაც მისი ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძეც აღნიშნავს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში.

ფსიქოლოგმა გამოძიებას დაუდასტურა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურში მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ მწვავედ აღიქვამდა და მიიჩნევდა, რომ ჩაგრავდნენ, რაზეც პასუხის გაცემა არ შეეძლო.

ასევე გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ თამარის სამსახურში საკმაოდ არაჯანსაღი გარემო იყო და კომპანია „ზეგში” თანამშრომლების ნაწილი ხელმძღვანელობასთან სიახლოვის გამო პრივილეგირებული იყო, რის გამოც თამარს სამსახურიდან წამოსვლა სურდა.

„თამარი მეუბნებოდა, რომ ბევრ საქმეს აკეთებინებდნენ სამსახურში, მაგრამ მივლინებაში ყოველთვის სხვებს უშვებდნენ, რის გამოც ის თვლიდა, რომ უფროსი ჩაგრავდა”, – აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში.

თეონა თამაზაშვილი ინტერესდება თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება თამარის ფსიქოლოგმა იმაზე, რასაც მისგან ისმენდა.

„დავაყენებ ფსიქოლოგის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც ჩემს შვილს არანაირი ტესტი არ ჩაუტარა და ვერ მიხვდა, ჰქონდა თუ არა სუიციდის მცდელობა. რატომ არ გადაამისამართა ფსიქიატრთან თუკი თამარი სუიციდის მცდელობაზე ესაუბრებოდა? “, – დასძინა თეონა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, ფსიქოლოგის სამკურნალო არ არის ის ადამიანი, რომელსაც სუიციდისადმი მიდრეკილება აქვს.

საპასუხოდ, ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძე არაფერს ამბობს, რადგან პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან გამომდინარე ყოფილ პაციენტზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე, თვაისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები