ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო

ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 15 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს უკვე შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და წარმოადგინონ საკუთარი გამოცდილება სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვის მიმართულებით.

„ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ ინიცირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ მიერ, ბაზისბანკის მხარდაჭერით. მისი მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების პოპულარიზაცია, ინოვაციური სწავლების მეთოდების წახალისება და მოსწავლეების ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება.
კონკურსის ფარგლებში დაინტერესებულ მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში ჩაეტარებინათ ფინანსური განათლების ხელშეწყობის აქტივობები – გაკვეთილები, პროექტები, შეექმნათ ახალი სასწავლო რესურსები ან დაენერგათ ინოვაციური მიდგომები ფინანსური განათლების ფორმალური თუ არაფორმალური სწავლების პროცესში. ახლა კი მათ შეუძლიათ, ერთი განაცხადის ფარგლებში მოუყარონ თავი ყველა აქტივობებსა და შექმნილ მასალებს და წარადგინონ კონკურსზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მასწავლებლებს მოეთხოვებათ, სპეციალურ საკონკურსო განაცხადის ფორმაში დეტალურად აღწერონ განხორციელებული აქტივობები და/ან შექმნილი სასწავლო რესურსები. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და აღწერისას დაცული უნდა იყოს ფორმაში მითითებული სიტყვების რაოდენობა. შევსებული საკონკურსო განაცხადის ფორმა (Word-ის ფორმატში) უნდა გამოიგზავნოს ფინედუს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@finedu.gov.ge, წერილის სათაურად კი მითითებული უნდა იყოს – „საკონკურსო განაცხადი – ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“.
აქტივობების დამადასტურებელი მასალები და რესურსები კონკურსანტმა წინასწარ უნდა ატვირთოს ფაილების გაზიარების რომელიმე პლატფორმაზე (მაგ., Google Drive-ზე) და განაცხადის ფორმაში გასაზიარებელი ბმული მიუთითოს. ამასთან წარმოდგენილი მასალა არ უნდა მოიცავდეს ფიზიკური პირების (მათ შორის, მოსწავლეების) იდენტიფიცირებად ფოტო ან ვიდეო მასალას.
განაცხადის გაგზავნიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში კონკურსანტები მიიღებენ დასტურს მათ მიერ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
დამატებით, კონკურსის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა 19 მაისს 16:00 საათზე. შეხვედრაზე დეტალურად განიხილება განაცხადის შევსების პროცესი და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან მათთვის მნიშვნელოვანი შეკითხვები. შეხვედრაზე დასწრებისთვის წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო.
შეხვედრის ბმული:
https://us06web.zoom.us/j/86299379770?pwd=HvG6Q22P3nmF5SXjbbI1vjrweDMBxY.1
Meeting ID: 862 9937 9770
Passcode: 178468
კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება კონკურსის პირობებით წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის: აქტივობების შესაბამისობა ფინანსური განათლების მიზნებთან, შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები, მოსწავლეთა ჩართულობა და მიღწეული შედეგები. კონკურსის ჟიური პირველ ეტაპზე ხუთ ფინალისტს, ხოლო 9 სექტემბერს მათგან 1 გამარჯვებულს – ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელს გამოავლენს. გამარჯვებულს ბაზისბანკისგან ფულადი პრიზი – 5000 ლარი გადაეცემა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები