გიორგი გახარია: ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია

ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტზე განაცხადა, რომელშიც მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის როლზე, ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულებას და დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ პანდემიის მძიმე პერიოდმა ყველას შეახსენა მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების უწყვეტი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„კრიზისამდე საქართველომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განაახლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ერთობლივი შექმნის პროცესი და ეს განხორციელდა მაღალი დონის ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის შექმნის გზით, რაც მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ძალაუფლების თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, ის უმაღლეს დონემდე ზრდის ღია მმართველობის პოლიტიკის შემუშავებას. ეს კრიზისი არის იმის მტკიცებულება, რომ საფრთხის სიმძიმის მიუხედავად, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობის ფასეულობები მუდამ ინარჩუნებს ფუნდამენტურ დატვირთვას და მხოლოდ ღია მთავრობას შეუძლია რეაგირება მოქალაქეების საჭიროებებზე, მხოლოდ მას შეუძლია, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს გაუძლოს. ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია. ვაგრძელებთ პანდემიამდე დაწყებული რეფორმების განხორციელებას და მზად ვართ, ეს გამოწვევებით აღსავსე დრო ვაქციოთ შესაძლებლობად და ინოვაციური გზებით გავაუმჯობესოთ სერვისებით უზრუნველყოფა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სხვა მიმართულებები, რაც კარგი მმართველობის არსს განსაზღვრავს. დარწმუნებული ვარ, ღია მმართველობით ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ჩვენს ქვეყნებში, პანდემიის პერიოდშიც და მის შემდგომაც“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრებმა, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები