მინსკში გაზეთის მთავარი რედაქტორი დააკავეს – მანამდე მან დაწერა, თუ როგორ გაუსწორდა ქვეყნის შს მინისტრის მოადგილე იზოლატორში აქციის მონაწილეს
მინსკში გაზეთის – “ჩვენი ნივა”-ს მთავარი რედაქტორი, ეგორ მარტინოვიჩი დააკავეს, მის სახლში კი ჩხრეკა მიმდინარეობს.
ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია – “ვესნა” ავრცელებს.
ორგანიზაცია მარტინოვიჩის მეუღლეზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩხრეკა უკავშირდება გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც იზოლატორში დიჯეი სოკოლოვსკის სასტიკ ცემას უკავშირდება.
მარტინოვიჩი კი დილით იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ძაღლს ასეირნებდა.
რაც შეეხება გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას, დიჯეი ვლად სოკოლოვსკიმ იზოლატორში ყოფნის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, 14 აგვისტოს ღამით მას სასტიკად გაუსწორდა ქვეყნის შს მინისტრის მოადილე, ალექსანდრე ბარსუკოვი.