პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვისა და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული ქონება – ქ.ბათუმში გონიოს დასახლებაში მდებარე 603 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
“ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ, დაკავებული იქნა ს.შ., რომელიც 2006 წლის 28 ოქტომბერს მიცემული იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
პატიმრობის პერიოდში ს.შ.-სთან სამართალდამცავი სტრუქტურის ცალკეული თანამშრომლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობებზე. შეთანხმების გაფორმების ჩრდილოვან წინაპირობად მათ მიერ ს.შ-სგან მოთხოვნილი იქნა მის საკუთრებაში არსებული გონიოში მდებარე 603 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა ყველაზე მკაცრი სასჯელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს.შ. იძულებული გახდა უკანონო მოთხოვნას დათანხმებოდა.
2006 წლის 27 დეკემბერს, მიღებული მითითების შესაბამისად, ს.შ.-მ საპატიმროში მინდობილობა გაუფორმა თავის ნათესავს ი.ქ.-ს, რომელმაც თავის მხრივ, ს.შ.-ს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, სახელმწიფოს ჩუქების გზით გადასცა ს.შ.-ს კუთვნილი, 261 700 ლარად ღირებული 603 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი.
2006 წლის 27 დეკემბერს, ს.შ.-ს მხრიდან ზემოაღნიშნული უკანონო მოთხოვნის შესრულებისთანავე, მას შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეცვალა და შეეფარდა გირაო 200 000 ლარის ოდენობით. 2007 წლის 22 ივნისს ს.შ-სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება 4 წლის ვადით პირობით მსჯავრზე და 200 000 ლარის ოდენობის ჯარიმაზე.
მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, პროკურატურა მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების სამართლებრივი პროცედურების დაწყების შუამდგომლობით. ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში დამნაშავე პირთა დადგენა-მხილების მიზნით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ასევე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი მსჯავრდებულის, გ.ბ-სა და ვ.კ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2006 წლის 15 აგვისტოს გ.ბ. საბრალდებო დასკვნის თანახმად მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის I ნაწილით, 178-ე მუხლის I, II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და III ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით. 2006 წლის 5 დეკემბერს მის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა, რომ გ.ბ-ს საქმეზე ადგილი ჰქონდა დანაშაულში ცრუ დასმენის ფაქტს. ახალი გამოძიებით დადგინდა და დაიკითხნენ მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი მოწმეები და ექსპერტები. გამოთხოვილი და ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის დოკუმენტური მტკიცებულებები, ჩატარდა სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის შედეგად გამოირიცხა გ.ბ-ს მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა.
2004 წლის 20 ოქტომბერს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული ვ.კ. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე.
2004 წლის 17 დეკემბერს ვ.კ-სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 332-ე მუხლის II ნაწილის ორი ეპიზოდისთვის და 218-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვ.კ -ს მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულს, ბრალდების წარდგენის მომენტში გასული ჰქონდა იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, რაც წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად დადგინდა მისი უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტი.
ორივე ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 87 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 70 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად ცნობილი იქნა 380 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 54,500,000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება,”- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.