დავით მათიკაშვილი: დამნაშავე სააკაშვილს აღარასდროს მიეცემა საშუალება, წაახალისოს ვენახის გაჩეხვა

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, დამნაშავე სააკაშვილს აღარასდროს მიეცემა საშუალება, წაახალისოს ვენახის გაჩეხვა.

„ცინიზმიც რომ შეიძლება იყოს აღვირახსნილი, დაამტკიცა სააკაშვილმა გუშინ. მან კიდევ ერთხელ გადმოყარა ნიანგის ყალბი ცრემლები, ვაზთან და ვენახთან მიმართებაში კიდევ ერთხელ იცრუა და თან ყველა კანონი დაარღვია, რაც საარჩევნო გარემოს იცავს კორუფციული ჩარევისაგან. სააკაშვილს არ მოწონებია, თურმე, ყურძნის შესყიდვის სუბსიდირებაზე დადგენილი ფასი და პრემიერ-მინისტრობანას თამაშში გართული, ხალხს ფასის დამატებასაც დაჰპირდა. ეს იმ ხალხს, რომელსაც, დაახლოებით, ათი წლის წინ სააკაშვილის გაგზავნილი ემისრები ვენახის გაჩეხვაში ფულის გადახდას სთავაზობდნენ. აი, აქ არის სწორედ სააკაშვილის ცინიზმის აღვირახსნილობა! ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე რამდენჯერმე სცადეს საქართველოს და ქართული ვაზის მტრებმა გაენადგურებინათ ქართული ვენახი და ამით დაესახიჩრებინათ ქართველი კაცის სული და მსოფლმხედველობა: ვერც შაჰ-აბასმა მე-17 საუკუნეში, ვერც ნიკიტა ხრუშჩოვმა მე-20 საუკუნეში და ვერ სააკაშვილმა 21-ე საუკუნეში ეს ვერ შეძლეს. ქართული ვაზი და ქართველი მევენახის შეუპოვრობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სამივე მომხდური ერთად აღებული.

დროულად მოუსწრო ქართულ ვაზს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს: სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და პირდაპირი დაფინანსების არაერთი პროგრამის მეშვეობით, „ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდმა უზრუნველყო ათასობით ჰექტარი ვენახის გაშენება მთელი საქართველოს მაშტაბით, აშენდა და გადაიარაღდა ასობით ღვინის ქარხანა, დაფასდა მევენახის შრომა, ფასი დაედო ქართულ ღვინოს, რომლის რეალიზაციამ და ექსპორტმა სულ ცოტახნის წინ ისტორიულად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ეს ყველაფერი კარგად იცის ქართველმა ხალხმა და ჩვენმა საზოგადოებამ, ახსოვს ყველა დეტალი მოძალადე რეჟიმის სიძულვილით სავსე პოლიტიკისა. სწორედ ამიტომ დამნაშავე სააკაშვილის მორიგი ტყუილი და ფარსი ილუზიებში მყოფი პოლიტიკანის ფანტაზიებში დარჩება მხოლოდ, მას აღარასდროს მიეცემა იმის საშუალება, რომ წაახალისოს ვენახის გაჩეხვა საქართველოში!”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც ვენახზე საუბრობს.

“შეინახეთ ეს სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ნამდვილად მოხდება, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მოგეცემათ კიდევ 80თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებთ 1.60 თეთრს. აი, ეს არის ჩემი კონკრეტული შემოთავაზება და მინდა გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გაკეთდება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ რომ ამ სფეროს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიული,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები