წილოსანი “ნაციონალურ მოძრაობაზე”: კაბინეტებში თანხმდებოდნენ კონკრეტულ თანხებზე იმისთვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონოდა უფლება, გარემოსთვის მიეყენებული ზიანისთვის გადასახადი დაერიცხა

კაბინეტებში თანხმდებოდნენ კონკრეტულ თანხებზე იმისთვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონოდა უფლება, გარემოსთვის მიეყენებული ზიანისთვის გადასახადი დაერიცხა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ , ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

წილოსანმა პოლიტიკური განცხადება ასოცირების შეთანხმების ანგარიშზე ევროპარლამენტში გამართული დებატების ძირითადი გზავნილებით დაიწყო.

„ეს არის გზავნილი, რომ საქართველო აჩვენებეს დემოკრატიულ სიძლიერეს; რომ საქართველო, რაც შეიძლება სწრაფად, სრულფასოვან წევრეად უნდა მიიღონ ; რომ საქართველომ განახორციელა ამბიციური რეფორმები და კარგია, რომ საქართველო აგრძელებს რეფორმებს. ევროკავშირთან ასოცირების რეფორმების გატარების გაგრძელება არის ის, რაზეც ახლა გესაუბრებით. ამ კვირაში პარლამენტი განიხილავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ სრულიად ახალ კანონს, რომლითაც ჩვენ გარემოსდაცვითი სტანდარტები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაგვყავს. ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი. კანონპროექტი მკაფიოდ ამბობს, რომ ეკოლოგიის დაცვა არის ბიზნეს საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის ვალდებულება და რომ მათი მხრიდან დამატებითი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს , რათა თავიდან ავიცილოთ გარემოზე მიყენებული ზიანი. თუ ასეთი ზიანის მიყენება გარდაუვალია და ზიანი დადგა, მისი გამოსწორება პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა და რემედიაცია არის აუცილებელი წინაპირობა, რომლითაც საქართველოში კონკრეტული ბიზნეს საქმიანობები მიმდინარეობს. ეს არის სწორი მიდგომა. სწორედ ასეთი პასუხისმგებლიანი ბიზნესი არის იმ დასავლურ ქვეყნებში, რომლებიც მოგვწონს და რომლისკენაც ვისწრაფით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს პასუხისმგებლიანი ბიზნესი, რადგან ამ კანონპროექტს ახლავს ბიზნესის მზაობა, რომ შეასრულონ მასში აღწერილი ძირითადი პრინციპები და იზრუნონ გარემოზე თავიანთი საქმიანობის ფარგლებში. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში სრულებით ახალ სტანდარტზე გადავიყვანეთ როგორც გარემოს დაცვის, ასევე ბიზნესის ასპექტები.

მეორე მხრივ, ეს მოცემულობა მკაფიოდ გამოკვეთს გზას, რომელიც გავიარეთ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით ბოლო 15 -20 წლის მანძილზ; ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა როგორი შედეგი დავდეთ გარემოს დაცვის მმართულებით და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობის და მისი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის. ჩვენ მოვდივართ იმ დროიდან, როცა , მაგალითად, წიაღის მოპოვების ლიცენზიები ყველანაირი წინაპირობის ან ვალდებულებების გარეშე გაიცემოდა. დღეს არსებული გარკვეული პრობლემები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით სწორედ ამგვარად გაცემულ ლიცენზიებს უკავშირდება. ასეთი უპრინციპო გადაწყვეტილებებია დაკავშირებული წინა ხელისუფლების იმ ლიდერებთან, რომლებიც ახლა ბედავენ და გარემოს დაცვაზე გვესაუბრებიან, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ მათ ამის მორალური უფლება არ აქვთ. იყო პერიოდი, როცა დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა გახლდათ დაშვებული, რაც სრულიად არანორმალური მოვლენაა გარემოს დაცვის სტანდარტებში და საერთაშორისო კონვენციებით არის დაგმობილი. გარემოზე ზეგავლენის შეფასების კოდექსი, რომელიც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ძირითადი ფილტრი, რომ ბიზნესს არ მიეყენებინა ზიანი გარემოზე, იყო იმდენად გამოშიგნული, რომ მის დატყოვებას აზრი არ ჰქონდა და ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ინტერესები, რომ უცებ და მყისიერი ეფექტი მიეღოთ, გაეხსნათ 4-5-ჯერ კონკრეტული საწარმო, მაგრამ, ამავდროულად , ძალიან დიდი ზიანი მიეყენებინათ გარემოსთვის, ადამიანებისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის. თბილისის ბეტონის ქალაქად ქცევაც ამ პოლიტიკურ ჯგუფს უკავშირდება. გაჩეხილი ხეების ნაცვლად კორპუსების მშენებლობა და თბილისის შემოგარენში ტყის სტატუსის შეცვლა მათ ინტერესებში შედიოდა იმისთვის, ჩვენი ჟანგვბადის საფასურად მათ კონკრეტული სარგებელი მიეღოთ,”- განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი არის საქართველოს განვითარების ახალი გზა, ეს არის წერტილი, რომლითაც ვამბობთ, რომ იმ მოცემულობაში უკან არასდროს დავბრუნდებით.

“დღეს გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულიად ახალ საფეხურზეა გადასული. ეს არის კანონი, რომელიც გულისხმობს ბიზნესის პასუხისმგებლობას და გარანტიებს, რომ ჩვენი გარემო – ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ, ნიადაგი და ბიომრავალფეროვნება იქნება დაცული. დღეს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, რასაც წინა ხელისფლება შემდეგნაირად აგვარებდა: კაბინეტებში თანხმდებოდნენ კონკრეტულ თანხებზე იმისთვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონოდა უფლება შესულიყო საწარმოში და დაერიცხა გარემოსთვის მიეყენებული ზიანისთვის რაიმე გადასახადი. ამ კაბინეტებში მოლაპარაკებული თანხები უფლებას აძლევდა საწარმოებს, რომ გარემოზე ნებისმიერი ზიანი მიეყენებინათ. ეს კანონპროექტი არის საქართველოს განვითარების ახალი გზა, ეს არის წერტილი, რომლითაც ვამბობთ, რომ იმ მოცემულობაში უკან არასდროს დავბრუნდებით. წინ კიდევ მეტი და მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს განსახორციელებელი,”- განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები