ლუკაშენკო დღეს პუტინს შეხვდება – რას დათმობს “ბატკა” ქვეყანაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად
ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამ წუთებში სოჭში მიფრინავს, სადაც რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ვიზიტი 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და საპროტესტო აქციების ტალღის შემდეგ იქნება პირველი, თუმცა ცნობილია, რომ ლუკაშენკო არა პროტოკოლურ შეხვედრას დათანხმდა, არამედ კრემლის ლიდერს ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე გაესაუბრება.
ლუკაშენკოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავს, შეეხებიან სამოკავშირეო ურთიერთობის თემასაც, რასაც ბელორუსის ლიდერი რამდენიმე წლის განმავლობაში ჯიუტად გაურბოდა და ამ ფონზე დასავლეთთან დაახლოებასაც ცდილობდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებით უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გავიდა და დასავლეთმა მკვეთრი პოზიცია დაიკავა, რომ საჭიროა ხელახალი არჩევნების ჩატარება და მთავრობას დაკავებული პირების გათავისუფლება მოსთხოვა, ლუკაშენკომ ხსნა რუსეთში იპოვა, სადაც მას ხელგაშლილად დახვდებიან, რადგან კრემლს ბელორუსის მიმართ საკუთარი ინტერესები აქვს.
რუსეთის პოზიცია აშკარაა – ის ბოლო წლებში ცდილობს სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ბელარუსის უფრო ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე დათანხმებას, რაშიც ლუკაშენკოს წინააღმდეგობას აწყდებოდა
მას შემდეგ კი, რაც ლუკაშენკო ქვეყანაში კრიზისის პირისპირ აღმოაჩნდა, მან ისიც კი თქვა, რომ რუსები ბელორუსის მეგობრები არიან, ერთადერთი მეგობრები. მისივე თქმით, პრეზიდენტ პუტინთან ერთად “ყველაფერს მიხვდა, ვინ ვინ არის ბელორუსისთვის”.
შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა იქნება გარდამტეხი. საინტერესოა, რა გზავნილები გაკეთდება ორი ქვეყნის ლიდერის მხრიდან, როგორ დალაგდება ის ქაოსი, რომელიც ბელორუსში 9 აგვისტოს შემდეგ არსებობს და რაც მთავარია, რას დაჰპირდება ლუკაშენკო პუტინს “კრიზისის დაძლევაში” მხარდაჭერის სანაცვლოდ.
ბელორუსში შექმნილი კრიზისი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, რომ, ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების შენარჩუნებაში მხარდაჭერის ხარჯზე, მინსკისგან თავისთვის ხელსაყრელი მეტი დათმობა მიიღოს.
რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა 11 სექტემბერს აღნიშნა, რომ რუსეთი რისკზე მიდის და ის დაკარგავს მეგობრულ კავშირს ბელორუს ხალხთან იმ შემთხვევაში, თუ გააგრძელებს ავტორიტარული მმართველის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდაჭერას.