ამირან გამყრელიძე: ნუ გაგვაკრიტიკებთ, დიდი კლასტერები იყო სწორედ დაკავშირებული ისევ ჩვენს ქცევასთან
“ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც მთავრობას რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ პანდემიის დროს დიდი ხნის განმავლობაში თავი უნდა შევიკავოთ ტრადიციული ღონისძიებებისგან – დიდი ქორწილები, ჭირის სუფრები და ა.შ. ეს გახლავთ რისკის მომატებული ფაქტორი ინფექციის შემდგომი გავრცელებისა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შემთხვევების მატება უკავშირდება ორ მთავარ ფაქტორს – ეს გახლავთ ზაფხულის განმავლობაში მობილობის სერიოზული ზრდა და მეორე დაკავშირებულია სამასპინძლო დაწესებულებებთან. დიდი კლასტერები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, ეს იყო სწორედ დაკავშირებული ისევ ჩვენს ქცევასთან, როდესაც რეგულაციების არდაცვით შესაბამისი შედეგები გვქონდა ჯერ ბათუმის ერთერთ პოპულარულ სამასპინძლო დაწესებულებასთან, რომელმაც, დაახლოებით, 60-დან 80-მდე ინფიცირება გამოიწვია და, ასევე, აგვისტოს ბოლოს რამდენიმე დიდი საქორწილო ღონისძიების ჩატარება, რომელსაც უკავშირდება გურიის კლასტერი, ცაგერის კლასტერი, ქუთაისის კლასტერი, სადაც 32-ე სკოლის თანამშრომელი იყო დაინფიცირებული, დღეს მას დაემატა კიდევ რვა ადამიანი, სამწუხაროდ, სიტუაცია ასევე დაგვეძაბა ზუგდიდში, სადაც ენგურჰესთან დაკავშირებული შემთხვევები გვაქვს. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ეს კლასტერი დაკავშირებული იყო დიდ საქორწილო ღონისძიებებთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.