პაატა იმნაძე: სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების ნაწილს მიავიწყდა “კორონა”

“სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების ნაწილს მიავიწყდა კორონა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება რეკომენდაციების შეუსრულებლობას უკავშირდება.

„ეს არის ის, რაც მოსალოდნელი იყო. ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია, მობილობა მაღალია. მოსალოდნელი მატებაა, თუმცა ჩვენი მოქალაქეების ნაწილს მიავიწყდა კორონა. ელემენტარული რეკომენდაციები რომ შესრულებულიყო, ასე არ იქნებოდა. ქორწილში ყველა ვყოფილვართ, იქ დისტანციას ვერ დაიცავ, მაგრამ ამხელა ქორწილი არ უნდა ჩატარდეს. ამის შედეგებს ახლა ვიმკით. ჯერ ჩვენი ძალები ამ შემთხვევებს ჰყოფნის. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ინფიცირების წყაროები არ ვიცით, რაც გვაშფოთებს. ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ჩვენ ყველა კონტაქტს ვიკვლევთ. როდესაც კონტაქტების გამოკვლევისას ან კარანტინში დაფიქსირდება ინფექცია, ეს ნაკლებად შემაშფოთებელია, რადგან ეს ადამიანები კონტროლის ქვეშ იყვნენ, მაგრამ სულ უფრო მეტი ადამიანია, რომელთა ინფიცირების წყაროს დადგენა გვიჭირს. როდესაც ასეთი ადამიანი ბევრი იქნება, ეს ეპიდემიის კონტროლს გაართულებს“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები