“ოძისიდან ვეხმაურები ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ უმძიმეს ვითარებას, ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვა გაუსაძლის პირობებში აყენებს ჩვენს მოსახლეობას”
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ გუგუტიანთკარში, ხურვალეთსა და ოძისში იმყოფებოდა.
როგორც “კვირას” სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის სოფლებში ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. ხურვალეთში მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა. ოჯახებს მიეწოდათ ინფორმაცია სამთავრობო უწყებების ინტენსიური სამუშაო პროცესის შესახებ, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების მიზნით.
„საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას დღეს გავეცანი სოფელ გუგუთიანტკარში, ხურვალეთსა და ოძისში, სადაც ასევე შეხვედრა გავმართე ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებთანაც ვიმსჯელეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარების გზებსა და საჭიროებებზე. ასევე, ვესტუმრეთ უკანონოდ გატაცებული ჩვენი მოქალაქეების – ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახებს, რომლებსაც პირადად გავაცანით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული და მიმდინარე ძალისხმევა იმისათვის, რომ მოხდეს მათი დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლება.
დღეს ოძისიდან მსურს, ასევე გამოვეხმაურო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ უმძიმეს ვითარებას, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. უკვე ერთი წელი სრულდება, რაც ჩაკეტილია ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი, რაც გაუსაძლის პირობებში აყენებს ჩვენს მოსახლეობას, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მიმდინარე პანდემია. მე კიდევ ერთხელ მსურს, მოვუწოდო საერთაშორისო საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებს, რათა ჩვენთან ერთად გამოიყენონ ყველა მათ ხელთ არსებული შესაძლებლობა, რათა დასრულდეს ეს რეჟიმი და ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ ღირსეული ცხოვრებისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საშუალება“, -განაცხადა თეა ახვლედიანმა.