“ქედა შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ვაჭრობის და ქვეყნის განვითარების ერთერთი ცენტრი იყო, დღეს კი იქცა ბუნების, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის უნიკალური ჯიშების და ტურიზმის განვითარების ცენტრად”

დღეს დიდი პატივია ვიყო აქ, ქედა ხომ შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ვაჭრობის და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ცენტრი იყო. დღეს კი ქედა იქცა ბუნების, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის უნიკალური ჯიშების და ტურიზმის განვითარების ცენტრად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქედაში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქედაში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია დაწყებული, რომელიც უნდა დასრულდეს.

„თქვენ აქ ცხოვრობთ და ყოველდღიურად, ჩამოსულ სტუმრებს აცნობთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, წარსულს და მომავლის იმედს უქმნით თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს. ბევრი კარგი საქმე, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ქედაში ბევრი წამოწყებაა დასასრულებელი. ბევრი ისეთი რამ არის გასაკეთებელი, რაც ჯერ კიდევ აღელვებს აქაურ ხალხს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ყველას კარგად გვესმის, რომ წყალმომარაგება, წყალარინება არის უაღრესად დიდი პრობლემა და ყველამ ერთად ამას უნდა მივხედოთ. მოგეხსენებათ, უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მოგვარდება. გაზიფიცირება მაღალმთიან აჭარაში პრობლემაა და მომავალი წლიდან დაქსელვასაც დავიწყებთ და თითოეულ ოჯახს ეს პრობლემა უნდა მოვუგვაროთ. მუნიციპალური ცენტრიდან სოფლებამდე გზები ასე თუ ისე ნორმალურ მდგომარეობაშია, ქედაში, სოფლების შიდა გზებისთვის თანხები უკვე გამოყოფილია და ამის რეაბილიტაცია დაიწყება. ბევრი რამ გაკეთდება. ქედის საშუალო სკოლის რემონტი, მუზეუმის, კულტურის სახლის რემონტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ – თბილისში, ბათუმში, თუ ქედაში, ჩვენს მოქალაქეებს და მოსახლეობას შორის სხვაობა არ უნდა იყოს. ის მინიმალური ცხოვრების დონე უნდა დაკმაყოფილდეს ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ქედაში პრობლემას წარმოადგენდა მიწის რეგისტრაციის საკითხი, რაც მთავრობის ახალი ინიციატივით, ეფექტურად გადაიჭრება.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქედაში და ზოგადად, აჭარაში დაგროვდა, ეს არის მიწის რეგისტრაცია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ პროგრამა – მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება და სამ წელიწადში ეს პრობლემა ქვეყანაში და მათ შორის აჭარაშიც აღარ იქნება ისეთ დონეზე, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აზომვითი სამუშაოებისთვის გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება. ბევრი რამ უნდა დავასრულოთ, რაც დავიწყეთ. აქ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. ქვეყანას აქვს სისტემური ინფრასტრუქტურის პრობლემები, როგორებიცაა გზა, წყალი, გაზი. ნელ-ნელა ყოველდღიურად უკეთესობა ეტყობა ბათუმს, ქედას და მთლიან საქართველოს, თუმცა ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტია, ახალგაზრდების განათლება, მოხუცების ჯანმრთელობა და სოციალური უზრუნველყოფა და გლეხი, რომელსაც სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, რომ გახდეს ფერმერი და გაძლიერდეს.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, მათი განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და მათი პენსია. ეს, ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, ჩვენი გლეხი, რომელსაც უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, გლეხი გახდეს ფერმერი, მას გაეზარდოს შემოსავალი. ქედაში, ყურძნიდან დაწყებული, ციტრუსებით დამთავრებული და არავის არ ეგონოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები, აქ, რაღაცებს მოგვიწოდებენ, მთავრობა და სახელმწიფომ, გლეხს მარტო არ დატოვებს არასდროს, სანამ გლეხი არ გახდება ფერმერი, არ იქნება ძლიერი, არ დაასაქმებს სხვა ადამიანებს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იქნება ფუნდამენტი და მასზე არ დადგება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ციტრუსის ექსპორტზე გატანის ნაწილში სახელმწიფო კვლავაც გააგრძელებს გლეხების მხარდაჭერას.

„როგორც ყოველთვის, ციტრუსის ნაწილში, როგორც არასტანდარტული, ასევე სტანდარტულის, ექსპორტზე გატანის ნაწილში, სახელმწიფო როგორც ედგა აჭარელ გლეხს, ისე დაუდგება მომავალშიც გვერდით. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, სად ვართ, რას ვაკეთებთ, რა პროფესიაში ვართ, რომელ სოციალურ განზომილებაში ვართ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სოფელზე, ჩვენს დაბაზე, ჩვენს ქალაქზე და საბოლოო ჯამში, ქვეყანაზე. მინდა გისურვოთ გამარჯვება და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანია, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები