კახეთში თხილის ახალი საწარმო გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორ პიტერ ვიბლერთან ერთად ყვარლის რაიონში, სოფელ ენისელში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობო საწარმო გახსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში 16 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველწლიურად კახეთის რეგიონის დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება.

„თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო ადგილობრივ ფერმერებს მოემსახურება და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, მაღალხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ. წლევანდელი წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით 50 000 ტონა თხილის მოსავალს ველოდებით, რაც საექსპორტო მიმართულებით შესაძლებლობას მოგვცემს, გარკვეული თანხის გენერირება მოვახდინოთ ეკონომიკაში“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, კომპანია FERRERO-სა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID- ისა და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა.

„საწარმოს შექმნაში კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. საწარმოში მოხდება ხარისხიანი თხილის წარმოება და შესაბამისად, გაიზრდება შემოსავლებიც. შემოსავლების ზრდას და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას მივყავართ დასაქმების შესაძლებლობებთან. USAID ყოველთვის მზადაა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან ერთად, ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს მსგავს ინიციატივებს“, – განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.

კახეთის რეგიონში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობე (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისის არსებობა მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეამცირონ მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგები და მიიღონ მაღალ ფასიანი პროდუქტი. საწარმოს საშრობის წარმადობა 1 000 ტონაა, ხოლო შენახვის – 500 ტონა.

შპს „აგრი მენეჯმენტი გრუფ ოფ ჯორჯიამ“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ჯამურად, ერთი მილიონი ლარამდე ინვესტიცია მიიღო, აქედან 370 000 ლარი გრანტია, ხოლო 300 000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები