პრემიერი: პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში, 95 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ექნება
95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხხვა კომპანიის თანამშრომელს ვეპატიჟებით საქართველოში და ვთავაზობთ, სულ მცირე, 180 დღის განმავლობაში, დისტანციურად, საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ და კომფორტულად იყვნენ.
„პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“ – ძალიან კარგი წამოწყება აქვს ტურიზმის ადმინისტრაციას, რაც დღეს უნდა განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში, სულ უფრო და უფრო მეტი ტრანსნაციონალური კორპორაციები, ასევე გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე. ფაქტობრივად, ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვენლობა, იმისთვის, რომ მან დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები. ამიტომ, ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას – „იმუშავე საქართველოდან“, რაც ნიშნავს, რომ ვახერხებთ და უნდა მოვახერხოთ ჩვენი მიღწევები- რეგიონში ვირუსის მართვის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევები- დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხხვა კომპანიის თანამშრომელს ვეპატიჟებით საქართველოში და ვთავაზობთ, სულ მცირე, 180 დღის განმავლობაში, დისტანციურად, საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, მათი ყოფნა საქართველოში იყოს უსაფრთხო და რა თქმა უნდა, ასევე კომფორტული. ეს პროგრამა უკვე ატვირთულია stopcov.ge- ზე, საიდანაც ყველას შეუძლია ამით ისარგებლოს და დეტალურ განმარტებებს დღეს ტურიზმის ადმინისტრაციაც გააკეთებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.