“ქვეყნის დემოკრატიული განვითარება მხოლოდ არჩევნებითაა შესაძლებელი და არა – ძალადობრივი მეთოდებით”,- ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით “კვირა” უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.
– უკანასკნელი კვირის განმავლობაში მინსკში დემონსტრანტთა რიცხვი გაორმაგდა. პროტესტანტებს ყოველდღიურად მეტი ადამიანი და პოლიტიკური გაერთიანება უერთდება. თქვენი აზრით, ეს ლუკაშენკოს მმართველობის დასასრულია?
-კლასიკური დემოკრატიისთვის, მართლაც, დიდი პრობლემაა ერთი ადამიანის 30- წლიანი მმართველობა, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს…
– ბელორუსიის 30-წლიან ეკონომიკურ წინსვლას გულისხმობთ?
– დიახ. პოსტსაბჭოთა სივრცეში, მოკავშირე რესპუბლიკებს შორის, ბელორუსია ყველაზე ძლიერი ქვეყანაა როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.
მოდით, გადავხედოთ ყოფილ საბჭოეთს და, რაღა შორს წავიდეთ, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას. როგორ დავშალეთ და მეზობელ თურქეთს კაპიკებად მივყიდეთ ჩვენი გამართული ფაბრიკა-ქარხნები. მოვიპარეთ და გავძარცვეთ ყველაფერი, რისი გაძარცვაც შეიძლებოდა. დავშალეთ ყველა ცენტრალიზებული სისტემა, რომელთა გამართვასაც, საბჭოთა დროს, უამრავი თანხა, ენერგია და პროფესიონალის ნიჭი დასჭირდა. როდესაც ქვეყანაში უცხოელი ინვესტორები გამოჩნდნენ, ჩვენ მათ ეკონომიკურად დაშლილი და სახელმწიფოებრივად განადგურებული ქვეყანა დავახვედრეთ, სრულიად მოშლილი სამართალდამცავი ორგანოებით, კანონმდებლობით და სხვა სახელმწიფო მექანიზმით. ლუკაშენკომ კი თავისი ქვეყანა გაპარტახებისგან იხსნა. ქვეყანაში შემოსულ ინვესტორებს ის სთავაზობდა ბიზნესის უსაფრთხოებას და ხელშეუხებლობას, წილის 51%-ის სანაცვლოდ, რომელიც ბელორუსიის სახელმწიფოს საკუთრება უნდა გამხდარიყო.
– თუმცა, კარგა ხნის განმავლობაში, ინვესტორები, სწორედ ლუკაშენკოს არადემოკრატიული მოთხოვნების გამო, ბელორუსიაში ბიზნესით არ ინტერესდებოდნენ.
– ის ბიზნესმენები, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ფულის დაბანდებას ფიქრობდნენ, თავდაპირველად მართლაც დაფრთხნენ ლუკაშენკოს წინადადებით, თუმცა მალე დარწმუნდნენ, რომ პოსტსაბჭოთა არასტაბილურ სახელმწიფოთა უმრავლესობა მათ ბიზნესს ვერანაირ გარანტიას ვერ მისცემდა, პერმანენტული სამოქალაქო ომებისა და რევოლუციების ფონზე კი ვერც მათი ფული იქნებოდა უსაფრთხოდ. ამიტომაც ლუკაშენკოს წინადადებას დაეთანხმნენ და სწორედ ბელორუსიაში ჩადეს ფული, რასაც, საბოლოოდ, ამ ქვეყნის ეკონომიკის სერიოზული გამტკიცება მოჰყვა. ლუკაშენკოს სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ბელორუსია, ეკონომიკური განვითარების მხრივ, პოსტსაბჭოეთში ყველაზე დაწინაურებულ ქვეყნად აქცია და დღეს მას მსოფლიოს 53 ქვეყანაში საექსპორტოდ გააქვს საკუთარი პროდუქცია.
– რაც შეეხება ლუკაშენკოს საგარეო პოლიტიკას?
– ლუკაშენკომ თავისი საგარეო პოლიტიკით დაამტკიცა, რომ მისთვის, ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობისას, უპირველესი საკუთარი ქვეყნის ინტერესები და პრინციპები იყო. ასეთი პოლიტიკა, სამწუხაროდ, საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ განუხორციელებია. ჩვენთვის ხომ ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნის და არა ჩვენი ეროვნული ინტერესები… ამიტომაც, ლუკაშენკო, საგარეო პოლიტიკაში დამკვიდრდა, როგორც ძალიან ძლიერი მოთამაშე, ხისტი და პრინციპული. მას შეეძლო, სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია როგორც ამერიკის, ასევე რუსეთისთვისაც.
გაიხსენეთ ლუკაშენკოს განცხადებები აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. მან არ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, რითაც ძალზე განარისხა ,,კეთილგანწყობილი“ რუსეთი, თუმცა მას არც მეგობარი რუსეთის რისხვის შეშინებია.
– ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი დღეს სვეტლანა ტიხანოვსკაიაა, რომელმაც არჩევნების შედეგები გააპროტესტა და განაცხადა, რომ ლუკაშენკომ მათ არჩევანის უფლება მოჰპარა. ხოლო როდესაც ნახა, რომ სახალხო მღელვარება საშიშ ზღვარს უახლოვდებოდა, თანამებრძოლებს არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდა და პროცესებს განერიდა. რამდენიმე დღეში ის კვლავ პროტესტანტებს დაუბრუნდა და მათ სათავეში აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, ტიხანოვსკაიას გადაწყვეტილებებზე რომელიმე სახელმწიფომ იმოქმედა?
– მგონია, რომ ქალბატონი ტიხანოვსკაია გარედან წახალისებული ოპოზიციური ძალაა. მართალია, ბელორუსიის არჩევნებს ჰქონდა პრობლემები, იქნებოდა დარღვევებიც, მაგრამ, ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკო 80%-ის მხარდაჭერით მოვიდა ქვეყნის სათავეში. არჩევნების მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იქ, სადაც არჩევნები ყალბდება, გაყალბების სავარაუდო პროცენტი შეიძლება იყოს 10-15%, უკიდურეს შემთხვევაში – 20%-იც კი. ვივარაუდოთ, რომ ბელორუსიაში არჩევნები 20%-ით გაყალბდა, მაშასადამე, ლუკაშენკოს მოქალაქეების 60% მაინც უჭერს მხარს.
-არჩევნების შემდეგ სამოქალაქო პროტესტი აგორდა, რომელიც ყოველდღიურად იკრებს ძალას. დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, ლუკაშენკო შეძლებს თუნდაც 60%-იანი მხარდაჭერის მოპოვებას?
– მახსენდება ჩვენი ქვეყნის მაგალითი. ხალხის შეცდომაში შეყვანა ძალიან ადვილია. საქართველოში 2003 წლის რევოლუციის მთავარი მოთხოვნა მეტი დემოკრატია იყო და რაც მივიღეთ, მსოფლიომ დაინახა. შესაძლოა, ბელარუსიამაც გაიმეოროს საქართველოს შეცდომა, რასაც ქვეყანაში არასახარბიელო პროცესები მოჰყვება.
– ფერადოვანი რევოლუციების თემა პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორც ჩანს, ჯერაც არ დასრულებულა…
– ადამიანები ერთნაირები არიან ყველგან, მათი აყოლიება არაა ძნელი, ნებისმიერ, თუნდაც ძალზე გაბრაზებულ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ ქვეყნის განვითარების ერთადერთი სწორი გზა დემოკრატიულ არჩევნებს უკავშირდება და არა რევოლუციებს და სხვა ძალადობრივ მეთოდებს. მინდა საქართველოს გამოცდილება აუცილებლად გაითვალისწინოს ბელარუსიელმა ამომრჩეველმა.
ია დანელია