თამარ ციხიშვილი: პოლიტიკური პარტიები საკმარისად ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა ინფორმირებულობას

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის, ცალკეული პოლიტიკური პარტიები ნაკლები აქტიურობითა და მოსახლეობისთვის საჯარო ინფორმაციის მიუწოდებლობით გამოირჩევიან, არ არსებობს საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული შეჯიბრი, გარემო პოლარიზებულია და ძირითადი აქცენტი არა მომავლის ხედვებზე, არამედ წარსულში დაშვებულ შეცდომებსა და ურთიერთბრალდებებზე ხდება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ანალიტიკოსი, იურისტი თამარ ციხიშვილი საუბრობს.

თამარ ციხიშვილის განმარტებით, არჩევნების მიმართ საზოგადოების მხრიდან  განსაკუთრებული მოლოდინებისა და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მეტად მნიშვნელოვანია თავად პოლიტიკური გაერთიანების სათანადო პასუხისმგებლობა, იყვნენ საკმარისად ჩართულნი, უზრუნველყონ საჯარო სივრცისადმი ინფორმაციის მიწოდება და ა.შ. მით უმეტეს, წინასაარჩევნო კამპანიის მთელი არსიც გამოიხატება საჯარო მოწოდებებში, აგიტაციაში თუ სხვა ისეთ აქტივობაში, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან მოქალაქეთათვის საარჩევნო პროგრამის შემცველი ინფორმაციის მაქსიმალურად სრულად და ეფექტურად მიწოდებას.

ჩვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდს, როგორც წესი, განსაკუთრებული მოლოდინი თუ მღელვარება ახლავს თან. აღნიშნული ვლინდება, როგორც თავად პოლიტიკური თუ არასამთავრობო სექტორის, აგრეთვე, რიგითი მოქალაქეთა მხრიდან. ნორმატიული განმარტების თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია, ეს არის საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა.

წინასაარჩევნო კამპანია მთელი რიგი თანმდევი აქტივობებით იწყება კენჭისყრამდე 60 დღით ადრე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს თუ საარჩევნო სუბიექტს, უფლება აქვთ დაამზადონ და შესაბამისად, გაავრცელონ განცხადებები, ფოტომასალა, მოწოდებები და ა.შ. ისინი უფლებამოსილნი არიან გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. ამავდროულად, აკრძალულია აღნიშნულ კამპანიაზე ნებისმიერი ფორმით ხელით შეშლა. როგორც ცნობილია, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პოლიტიკური გაერთიანებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობენ შესაბამისი სამაუწყებლო მომსახურებითაც, თუმცა, მოქალაქეთა ინფორმირებულობის ხარისხს, ცხადია, აღნიშნული მიდგომა ვერ უზრუნველყოფს. ეს პრობლემა კი უშუალოდ აისახება საზოგადოების ცნობიერებაზე, მოქალაქეთა ნაწილისთვის კი, არათუ პარტიათა წინასაარჩევნო პროგრამა, არამედ თავად ზოგიერთი პარტიის არსებობის ფაქტიც კი უცნობია. საინტერესოა, უზრუნველყოფს თუ არა მოქალაქეთა სათანადო ინფორმირებულობის ხარისხს აღნიშნული დანაწესი და, რეალურად, არის თუ არა საკმარისი 60-დღიანი ინტერვალი, რათა საზოგადოების ფართო მასამ რეალურად გაიაზროს ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებათა წინასაარჩევნო კამპანიის არსი? საერთოდ კი, წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზება უნდა იყოს პარტიის უფლება თუ ვალდებულება?

ზოგადად, საქართველოში ვხვდებით საარჩევნო კულტურის ნაკლებობას, რაც პოლიტიკური პროცესებისადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებაში ვლინდება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კენჭისყრისას, მოქალაქე ხმას, უფრო მეტად, აძლევს არა პოლიტიკურ პარტიასა და მის პროგრამას, არამედ კონკრეტულ სუბიექტს. შესაბამისად, მოქალაქის სუბიექტური დამოკიდებულება, რომელიც მოკლებულია მოვლენათა ობიექტური შეფასებისა და პოლიტიკური სუბიექტის კრიტიკულად განსჯის უნარს, ნეგატიურ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე. ამ პროცესებს კი ხელს უწყობს თავად პარტიათა პასიური მოქმედება პროცესებისადმი და მხოლოდ ზედაპირული მიდგომა.

რეალურად, ქვეყანაში რეგისტრირებულ თითოეულ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს ერთი მიზანი – მოიპოვოს მოქალაქეთა ნდობა, თუმცა, თითოეული მათგანი არ ზრუნავს  საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებაზე, შესაბამისი წინასაარჩევნო პროგრამის შექმნაზე თუ სხვა. ამავდროულად, არ არსებობს რესურსი, რომელის გამოყენებითაც შეძლებს ამომრჩეველი ინფორმაციის მოძიებას. პარტიას, რომელსაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის ამბიცია, ლოგიკურია, რომ უნდა იყოს ვალდებული, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირებულობა საკუთარი დაპირების, პროგრამის თუ აქტივობების შესახებ. არსებული საკანონმდებლო რეალობა კი პოლიტიკურ პარტიას ამ მხრივ განსაკუთრებულ სიმარტივეს სთავაზობს და იცავს პასუხისმგებლობისგან.

საშუალო დონის მოქალაქის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ცხადია, რომ თუ იგი არ არის დეტალურად გაცნობიერებული პოლიტიკურ პროცესებს, არ ექნება უნარი, შესაბამისი წყაროდან მოიძიოს პოლიტიკურ პარტიათა ერთიანი სია. რა თქმა უნდა, აღნიშნული პირისთვის ისიც უცნობია, თუ რა დაპირებებს იძლევა ესა თუ ის პარტია. ამ პრობლემას კი ვერც უფასო სამაუწყებლო ეთერი და ვერც კენჭისყრამდე 60 დღით ადრე დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია ვერ უზრუნველყოფს. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ წინასაარჩევნო პროგრამის დაწყება არის პოლიტიკურ პარტიათა უფლება და არა- ვალდებულება. საზღვარგარეთის ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, გერმანია, საკითხისადმი განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს და პოლიტიკურ პარტიებს ამ კუთხით არა უფლებას, არამედ ვალდებულებას ანიჭებს.

საარჩევნო კულტურის ნაკლებობის პირობებში, მნიშვნელოვანია გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებანი, რომლებიც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მოქალაქეთა ინფორმირებას, საარჩევნო კამპანიის, პოლიტიკურ გაერთიანებათა წინასაარჩევნო პროგრამის საჯაროობის, ხელმისაწვდომობას და ა.შ. კუთხით. აგრეთვე, პოზიტიური სიახლე იქნება, თუ საარჩევნო კოდექსი პირდაპირ დაავალდებულებს პარტიებს, უზრუნველყონ ამ ყველაფრის საჯაროობა, რაც მათ ამომრჩეველთა მიმართ მათ მეტ პასუხისმგებლობასა და კეთილსინდისიერებას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებს გამოაქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები