ჭიათურაში საერთო სახალხო დღესასწაული „თემობა 2020“ გაიმართა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში უძველესი საერთო სახალხო დღესასწაული „თემობა 2020“ გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე მე-7 წელია რაც იმართება.
ღონისძიება სათემოს მიმდებარე ტერიტორიაზე დოღში შეჯიბრით დაიწყო, სოფელ ტყემლოვანაში საცირკო წარმოდგენით გაგრძელდა და დღის ბოლოს გალა-კონცერტით დასრულდა.
„თემობის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მალხაზ ბიწაძის თქმით, დოღში სამი გამარჯვებული გამოვლინდა, პირველი ადგილი ვაჟა მაჭარაშვილს ერგო (500 ლარი), მეორე ადგილი – ირაკლი ბოყოველი (300 ლარი), მესამე – ოთარ ჩიტაძე (200 ლარი).
გალა-კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გაიმართა. მაყურებლების წინაშე წარსდგნენ ირმა სოხაძე, დავით არჩვაძე, კვარტეტი „ჭიათურა“, ბექა წულაია და ანსამბლი „იბერია“, პაატა თედიაშვილი, მაკა ქაჯაია და სხვა ცნობილი მომღერლები.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ დოღში გამარჯვებულებს საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, მოსახლეობას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
საღამოზე არაერთხელ აღინიშნა, რომ “თემობის” დღესასწაულის აღდგენაში დიდი წვლილი „ჯორჯიან მანგანეზს“ მიუძღვის, რომელმაც “თემობის” უძველესი ტრადიცია აღადგინა და დაამკვიდრა.
გალა-კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
„თემობის” ისტორიიდან: ჭიათურაში უძველესი სახალხო დღესასწაული “თემობა” მე-19 საუკუნიდან აღინიშნება. ტრადიციის მიხედვით, დღესასწაულზე როგორც ჭიათურის, ისე სხვა რაიონების თავკაცები იკრიბებოდნენ და თავს სხვადასხვა სანახაობით იქცევდნენ, მათ შორის: დოღით, ჭიდაობით, მკლავჭიდით.
აქვე წყდებოდა რაიონის და მისი სოფლების უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაც მმართველობას და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა, საფუძველი ედებოდა ახალი ურთიერთობების დამყარებას და სხვა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღესასწაული მივიწყებას მიეცა, მაგრამ 2013 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების დახმარებით აღდგა და ის ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.