გლოლელებმა სახელმწიფოს მიერ მიწოდებული ფქვილით თანასოფლელებს პური უსასყიდლოდ გამოუცხვეს

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში პრობლემების დაძლევაში მოსახლეობა  ერთმანეთს აქტიურად ეხმარება.

კრიზისის დაძლევის პროგრამით, მთავრობამ, სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად,  ყველა ოჯახში  პურის ფქვილი დაარიგა. სოფელ გლოლას მაცხოვრებლებმა: რუსიკო გიორგაშვილმა, მანანა სულთანიშვილმა და ნელი ბიჭაშვილმა სახელმწიფოს მიერ მიწოდებული ფქვილით თანასოფლელებს პური უსასყიდლოდ გამოუცხვეს.

სოფელ გლოლას პედაგოგი, ლელა ზაქარაია „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ამბობს, რომ სოფლის მაცხოვრებლები ამ ძნელ დღეებში ერთმანეთს ეხმარებიან და გასაჭირს იზიარებენ.

„ სტიქიის პირველივე წუთებიდან გლოლელები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ეფექტურ ღონისძიებებში თითოეული მაცხოვრებელი ვმონაწილეობთ. ამის მაგალითია სამი გლოლელი ქალის: რუსიკო გიორგაშვილის, მანანა სულთანიშვილისა და ნელი ბიჭაშვილის ქმედება, რომლებმაც სამი დღის განმავლობაში მთავრობის მიერ მოწოდებული ფქვილით გლოლელებს პური უანგაროდ გამოუცხეს. პირადად მე, ლელა ზაქარაია, ამ სოფლის პედაგოგი და მაცხოვრებელი, ყველას სახელით, მადლობას ვუხდი მათ ამ ადამიანური ქმედებისთვის“, – ამბობს გლოლელი პედაგოგი.

შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიამ 12 სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა და სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები