ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე იყალთოს დიუკერის (წყალგამტარი მილის) სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. არხზე არსებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნადაა მოძველებული და ექსპლუატაციის თანამედროვე მოთხოვნებს აღარ შეესაბამება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება დიუკერის მილსადენის დემონტაჟი და ახალი მილსადენის მოწყობა, შესასვლელი და გამოსასვლელი სათავისების გაწმენდა დალექილი ქვიშისგან, ბეტონის ზედაპირების გარეცხვა წყლის ჭავლური მეთოდით, ლითონის სვეტების დაგრძელება, ნაგავდამჭერი ცხაურების, ბაქანზე ასასვლელი კიბისა და მოაჯირების მოწყობა.
იყალთოს დიუკერის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2027 წლის აგვისტოშია დაგეგმილი. პროექტის დასრულების შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტში 1630 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.