“ეს არ იყო ქეიფი” – ბაჩანა ლობჟანიძე თამუნა ბაჩალიაშვილის ოჯახის ბრალდებებს პასუხობს

დღეს პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ერთადერთი მოთხოვნით: მისი შვილის გარდაცვალების საქმეში ჩაერთოს FBI. თამაზაშვილისვე განცხადებით, ის არ ენდობა ქართულ გამოძიებას, რომელიც ცდილობს ფაქტების გაყალბებას, არაობიექტურად მიჰყავს გამოძიება და  საქმის თვითმკვლელობის ვერსიით დაკვალიფიცირებას აპირებს.

თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა თამარ ბაჩალიაშვილის ,,შეყვარებულის“ შესახებაც.
დედის ეჭვით, ბაჩანა ლობჟანიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტია და იგი საგამოძიებო უწყებამ წინასწარ ,,ჩანერგა“ მისი ქალიშვილის ცხოვრებაში.
ბაჩალიაშვილის დედა შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს ლობჟანიძის ფსიქიკური მდგომარეობის გადამოწმებას და ეჭვქვეშ აყენებს ლობჟანიძისა და საკუთარი ქალიშვილის პირად ურთიერთობას: ,,რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი იქეიფებს შეყვარებულის გარდაცვალებიდან 4 დღის შემდეგ ბიძაშვილებთან“, – აცხადებს დედა.

თეონა თამაზაშვილის განცხადებების კვალდაკვალ, ,,კვირა“ ბაჩანა ლობჟანიძეს დაუკავშირდა:
– ბაჩანა, თეონა თამაზაშვილის განცხადებებზე გთხოვთ კომენტარის გაკეთებას.
-საქმის კურსში არ ვარ, რა განცხადებები გააკეთა?
-ის თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩანერგილ აგენტს გიწოდებთ…
-რას ამბობთ? მე ახლა პროკურატურის შენობაში ვარ, გავალ გარეთ და მოშიმშილე დედამისი დამხვდება? ძალიან მინდა, დაველაპარაკო, თუ აგრესიული არ იქნება და თავს არ დამესხმება… შევეცდები, მის ყველა კითხვას გავცე პასუხი სხვა დროს და სხვა სივრცეში!
-დედამისი ამბობს იმას, რომ თქვენთან დარეკა და მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში იყავით, უპასუხეთ ტელეფონს, ეს კი ამყარებს თამაზაშვილის ვარაუდს, რომ თქვენ უსათუოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტი ხართ.
-ქალბატონ თეონას ჩემთვის არასოდეს დაურეკავს, დამირეკა ელისო კილაძემ და მას ვუთხარი, რომ ვარ შსს-ში, ტელეფონი კი იმიტომ მქონდა შეტანილი, რომ გამომძიებელთან გავდიოდი ტექნიკურ საკითხებს, რომელიც ჩემს ტელეფონსაც უკავშირდებოდა.
-თამუნას დედა თქვენი და თამუნას ურთიერთობაზეც გამოთქვამს ეჭვს და ამბობს, რომ თუ თქვენ მისი შეყვარებული იყავით, თამუნას დასაფლავების შემდეგ როგორ ქეიფობდით საკუთარ ნათესავებთან ერთად გარდაცვალებიდან 4 დღის შემდეგ?
-ეს არ იყო ,,ქეიფი“. მე ვამზადებდი საკუთარ დეიდაშვილს ეროვნული გამცდებისთვის, გამოცდების დასრულების შემდეგ მასთან სახლში ავედი გლდანის მე 5 მიკრო რაიონში და ჩემს დეიდაშვილებთან ერთად სადილის შემდეგ დავლიეთ თითო ჭიქა. მე მაგ სურათებზე მონიშნულიც არ ვიყავი და როგორ მიპოვნეს, საინტერესოა…
-რაც შეეხება თამუნას მეგობარს, მარიამ ვარდიაშვილს. მისი განცხადებებით, თქვენ შორის არანაირი ურთიერთობა არ არსებობდა და თქვენ სრულიად სხვა გოგონა გიყვარდათ?
-მარიამ ვარდიაშვილი, ელისო კილაძესთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას, ვარდიაშვილი საკუთარი პასუხისმგებლობას გაურბის და ცდილობს, დაფაროს მთელი რიგი ინფორმაციები.
-ფიქრობთ, რომ ვარდიაშვილს დასაფარი აქვს რამე?
-რასაკვირველია. ის და თამუნა უახლოესი მეგობრები იყვნენ. ბოლოს ბაკურიანშიც ერთად ისვენებდნენ და იქ გადაღებული სურათებიც ერთად აქვთ, სადაც თავზე ვირგვინებით კოცნას უგზავნიან ერთმანეთს. მარიამმა ყველაფერი იცოდა თამუნას შესახებ. იცოდა ბოლოდროინდელი ამბებიც…
-რაც შეეხება თამუნას ოჯახურ პრობლემებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამამისი ხშირად ძალადობდა თამუნას დედაზე, არსებობს მამამისის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენებიც და სხვა შემაკავებელი ორდენებიც. თქვენ იცოდით ამის შესახებ?
-დეტალები  – არა, თუმცა, თამუნასა და მამამისს რომ არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ვიცოდი.

დღეს პროკურატურის წინ გამართულ აქციაზე საკმაოდ ემოციური განცხადებებით გამოვიდა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი  – მიხეილ რამიშვილი, რომელიც თაკო ჩარკვიანმა 2019 წლის 10 მარტს ახლადშექმნილი პარტიის – ,,კანონი და სამართალი“ ერთერთ დამფუძნებლად გამოაცხადა ირაკლი ღლონტთან, ქეთი ენუქიძესთან, თამარ პატარაიასა და გიორგი ციმენტიასთან ერთად.
,,კვირა“ ადვოკატ გიორგი ტურაზაშვილს დაუკავშირდა:
-ბატონო გიორგი, კანონის მიხედვით, შესაძლებელია თუ არა, რომ პოლიტიკური პარტიის დამუძნებელი ამავდროულად იყოს ქვეყანაში ერთერთი ყველაზე სკანდალური საქმის ადვოკატი და აკეთოს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები საკუთარი პარტიული იდეოლოგიიდან გამომდინარე?
– კანონი კრძალავს მხოლოს საჯარო მოხელის სამსახურში და პოზიციაზე მყოფისთვის საადვოკატო საქმიანობას.  პოლიტიკური პარტიის წევრობა არ არის საკმარისი ამ გამორიცხვისათვის. საჭიროა პილიტიკური თანამდებობა, რომელიც  სახელმწიფო უწყებაში უნდა ეჭიროს.

თუმცა, მოახლოებული არჩევნები და რამიშვილის პარტიის წინასაარჩევნო ვნებები ელექტორატში ტოვებს განცდას, რომ რამიშვილის ხმაურიანი განცხადებები ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მის პირად პოლიტიკურ პიარს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები