ანესთეზიოლოგი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საქართველოდან გაიქცა, რეზონანსულ “ექიმების საქმესთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მინდა, განცხადებით გამოვეხმაურო საქართველოს პროკურატურის მიერ ჩემ მიმართ წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით, წარდგენილ ბრალს არ ვეთანხმები”, – ამის შესახებ ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” ავრცელებს.

ხოჭოლავა იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“მინდა, განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის მიერ ჩემ მიმართ წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით.

პირველ ყოვლისა, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ასევე, მინდა, გამოვეხმაურო ტელევიზიით არასწორად გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ დავტოვე ქვეყანა და „გავიქეცი“ იტალიაში. უნდა აღინიშნოს, რომ 25 წელზე მეტია აქტიურად ვეწევი ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით, საიდანაც 10 წელი ვმუშაობდი, შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში, ანესთეზიოლოგად საქართველოში და ბოლო 15 წელიწადია, ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ იტალიაში ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა განვითარებული მოვლენების დროს  ქვეყანაში ჩემი არყოფნა.

შესაბამისად, ვაცხადებ, რომ გაჟღერებული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი საგამოძიებო ორგანოებთან და, სიმართლის დადგენის მიზნით, მომავალშიც მზად ვარ თანამშრომლობისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი – გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი – ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები