ნათია თურნავა: ბიზნესვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა

ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა ბიზნე ვიზიტორების პლატფორმა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, სტატისტიკა უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია და დღეის მონაცემებით, 2 700-მდე განაცხადია შემოსული სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ბევრი ქვეყნიდან, საიდანაც ბიზნეს ვიზიტორს მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტით სურს საქართველოში ჩამოსვლა.

მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ბიზნესვიზიტორებს უფლება აქვთ, კარანტინის გარეშე, გარკვეული პერიოდულობით, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ პისიარ ტესტები.

„ასეთი მიდგომა ჩვენთვის არის უსაფრთხო და გარდა ამისა, გვაძლევს საშუალებას, არ შენელდეს ბიზნესპროცესი, არ შენელდეს ინვესტორებთან ურთიერთობა. გუშინაც საქართველოს სტუმრობდა ძალიან მნიშვნელოვანი ინსვესტორი შვეიცარიიდან, ცნობილი გლობალური კომპანია „შტადლერის” პრეზიდენტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროში ვუმასპინძლეთ. საუბარი იყო საქართველოში ვაგონების წარმოების გადმოტანასა და ამოქმედებაზე. ესეც ერთ-ერთი მაგალითია, რომ ბიზნესვიზიტორების პლატფორმა საკმაოდ აქტიურ მოქმედებაშია”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ასევე გაიმართება კიდევ ერთი ახალი პლატფორმის პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც საქართველოში ჩამოსვლას შეძლებენ გრძელვადიანი უცხოელი ვიზიტორები, ვისაც საქართველოდან დისტანციური მუშაობის სურვილი აქვს.

„ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ინტერესია, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან და მათგან, ვინც მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გადავიდა, რომ სწორედ საქართველო იყოს ის ადგილი, საიდანაც ისინი შეძლებენ თავიანთ კორპორაციებში მუშაობას, მაგრამ იცხოვრებენ საქართველოში”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ყველას უნდა გვახსოვდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება და ამის გათვალისწინებით ძალიან დაბალანსებული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, მით უფრო მეორე ტალღის მოლოდინში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები