უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული გეგმა განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა (2021-2025 წწ) განიხილეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ გენბანკებში, კვლევით დაწესებულებებსა და ფერმერულ მეურნეობებში დაცული ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების შესახებ გეოსაინფორმაციო ბაზის შექმნას, ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების მოვლა-მოყვანის, გამოყენების, ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ინფორმაციის თავმოყრას, გაანალიზებასა და სისტემატიზაციას გულისხმობს. სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს კონფერენციების ორგანიზებას, პურის ფესტივალის, პურის ცხობის და სხვა კერძების დამზადების ტრადიციების აღდგენასა და ხელშეწყობას.
„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები  გაერთიანებული ერების, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის – UNESCO არამატერიულური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში წარდგენილი ელემენტის „ქართული ხორბლის კულტურა“ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. გაფართოებული  სამუშაო შეხვედრის ძირითადი მიზანი სტრატეგიული გეგმის ელემენტების  დახვეწა-შემუშავება  გახლდათ, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა დ ადგილობრივი ჯიშების,  როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის საერთაშორისო აღიარებისათვის, ასევე მათი აღდგენა-გავრცელებისა და პოპულარიზაციისთვის”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილ უწყებათა სამუშაო ჯგუფში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების,  შპს „ლომთაგორას“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები