ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი: ფსოუზე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება არარეალურია – ათასობით პირი შემოდის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი, თამაზ წახნაკია აცხადებს, რომ რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე ადამიანების ჯანმრთელობის შემოწმება შეუძლებელია, რადგან თუ ადრე 5 ადამიანი გადადიოდა, 1-ელი აგვისტოს შემდეგ ათასობით მსურველია. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.

“ადრე, როდესაც საზღვარს ხუთი ადამიანი კვეთდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება მარტივი იყო. ახლა, როდესაც ათასია, ბევრად რთულია. ადამიანებს რიგებში 24 საათის განმავლობაში მოუწევთ დგომა. ამის გაკეთება არარეალურია, რადგან პირი, რომელიც რუსეთის საზღვრიდან ფეხით მოდის ამ სიცხეში, ხურდება. არც თერმოსქრინინგი, არც თერმომეტრი ამ შემთხვევაში ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგვცემს”, – განმარტა ე.წ. მინისტრმა.

ე.წ. ჯანდაცვის უწყებაში “ცხელი ხაზის” გაუმართავ მუშაობაზე საუბრისას წახნაკიამ თქვა, რომ ტექნიკური პრობლემები არსებობს – “ვთხოვთ მობილურ ოპერატორს, დაუბრუნდეს მუშაობის ძველ რეჟიმს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს გაუჩნდება კორონავირუსზე ეჭვი, მან პირად ექიმს ან უბნის ექიმს უნდა მიმართოს. რაც შეეხება რაიონებს, გვაქვს ტრანსპორტირების სქემა, რომლის თანახმად, თითოეულ რაიონზე სასწრაფო დახმარების ერთი ავტომობილია გამოყოფილი და ის პაციენტის გადაყვანას გუდაუთის საავადმყოფოში უზრუნველყოფს”.

რაც შეეხება ვირუსის დიაგნოსტიკას – წახნაკია ამბობს, რომ ე.წ. რესპუბლიკაში სულ სამი ლაბორანტია და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე კიდევ ორის გაგზავნა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები