სანდრო თვალჭრელიძე: იმაში, რომ “ქართული ოცნება” ინარჩუნებს რეიტინგს, ჩემი აზრით, უდიდესი წვლილი შეიტანა გიორგი გახარიამ, რომელიც მკვეთრად განსხვავდება წინა პრემიერმინისტრებისგან

“ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და უმნიშვნელოვანესია მისი მხარდაჭერა, მაგრამ, იმავდროულად, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ზოგიერთი განცხადება, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია და ქვეყნის საქმეებში ჩარევას ჰგავს”,- ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ექსპერტმა ინტერვიუში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილა.

“ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და უმნიშვნელოვანესია მისი მხარდაჭერა, მაგრამ, იმავდროულად, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ზოგიერთი განცხადება, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია და ქვეყნის საქმეებში ჩარევას ჰგავს. ამ განცხადებების დიდ ნაწილს სკეპტიკურად ვუყურებ და არ მჯერა, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმაც გაუწიოს დიდი ანგარიში. ვფიქრობ, ეს პომპეო-გახარიას სატელეფონო საუბრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციითაც გამოჩნდა. იმაში, რომ კონგრესმენთა ნაწილი მაინცდამაინც ობიექტურად არ იქცევა, “ფრონტერას” მაგალითიც მარწმუნებს. უკაცრავად პასუხია და, ეს არის აფერისტი კომპანია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლებაში ძლიერი ლობი ჰყავს, რაშიც კარგად იხდიან და ზოგიერთი კონგრესმენი სწორედ ამ გასამარჯელოს გამო ლაპარაკობს. ვეჭვობ, კონგრესმენთა ნაწილზე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც ახდენს გავლენას.

საქართველოში ყველამ იცის, გიორგი რურუა რა პოლიტიკური პატიმარია და რა მორალური ფასეულობები ჰქონდა. ძალიან მაინტერესებს, საიდან აქვს სახსრები ტელეარხის დასაფინანსებლად? გარდა ამისა, არსებობს კანონი ფულის გათეთრების შესახებ. რატომღაც არავის სთხოვენ დაამტკიცოს შემოსავლების წარმომავლობა, რაც უსამართლობა და ორმაგი სტანდარტია. პროცესები ობიექტურად უნდა გაანალიზდეს, ისევე, როგორც უნდა ითქვას სიმართლე “ფრონტერას” თაობაზე. ეს კომპანია აშკარად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ძალიან ცუდია რომ ამ ცოტა ხნის წინ “ფრონტერასთან” საქართველოს ხელისუფლებამ აშკარად უკან დაიხია. უნდა არსებობდეს რაღაც პრინციპები, ბოლოს და ბოლოს, კანონის უზენაესობას ვაღიარებთ და მისი დარღვევა ვიღაცისთვის რატომ უნდა იყოს დაშვებული? “ფრონტერამ” ნამდვილად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და წააგო საარბიტრაჟო სასამართლო. სხვათა შორის, ამ სასამართლო გარჩევისას ერთ-ერთი მოსამართლე აშშ-ის მოქალაქე იყო… ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკან დახევა არასწორია, რაც მეტად დავიხევთ უკან, მით მეტი კრიტიკული წერილი მოვა ამერიკიდან.

ძალიან ვთხოვ კონგრესმენთა ბოლო ავტორებს, “რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქები” უფრო ახლოს – კაპიტოლიუმისა და თეთრი სახლის ახლოს მოიკითხონ. სხვათა შორის, მათი პრეზიდენტი ტიპური ოლიგარქია. ბიძინა ივანიშვილს ჩემი დაცვა არ სჭირდება. ის პოლიტიკური პარტიის ლიდერია და საკუთარი შეხედულებებისამებრ მოქმედებს. მოგვწონს თუ არა ეს, სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ამგვარი კლიშეებით ლაპარაკი, რაც ამ წერილში ვნახეთ, მიუღებელია. თუ ბიძინა ივანიშვილი ლობირებს რუსეთის ინტერესებს, კეთილინებონ და, ფაქტებით დაამტკიცონ. ხმებზე დაყრდნობით ლაპარაკი არასწორია. სად ხედავენ დადასტურებულად რუსული ინტერესების გატარებას? ანაკლიის პროექტში აშკარად ცუგცვანგის ვითარება შეიქმნა. ხომ ფაქტია, რომ ვერც კონსორციუმმა მოახერხა თანხების მობილიზება. ყველაფრის მთავრობაზე გადაბრალება არასწორია. ისინი სახელმწიფოსგან გარანტიებს ითხოვდნენ, რაც არა მარტო გაუმართლებელი, არამედ დანაშაულიც იქნებოდა, რადგან კერძო კომპანიისთვის გარანტიების მიცემა ჩვენი კონსტიტუციით აკრძალულია. მეორე მხრივ, მთავრობამაც ვერ მიაქცია, როგორც ჩანს, საკმარისი ყურადღება ამ პროექტს. ჩემი აზრით, ორივე მხარეს მიუძღვის ბრალი და მხოლოდ ხელისუფლების დადანაშაულება არ შეიძლება.

რაც შეეხება ჩინური კაპიტალის ქვეყანაში შემოსვლას და მის გავლენას, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიღებული კანონის თანახმად, საქართველოში ჩატარებული სახელმწიფო ტენდერების ერთადერთი კრიტერიუმი არის ფული, ანუ ვინც უფრო იაფად განახორციელებს ამა თუ იმ პროექტს, გამარჯვებულადაც ის ცხადდება. ბუნებრივია, ამ ტენდერებში ჩინური კომპანიები მონაწილეობენ და ხშირად იმარჯვებენ კიდეც, რადგან იაფად ასრულებენ ამა თუ იმ სამუშაოს. ბუნებრივია, აქვს საფუძველი ვარაუდს, რომ ამ კომპანიების აქტიურობის უკან შეიძლება პოლიტიკური ინტერესიც დავინახოთ. ჩინეთს სურს, კავკასიაში ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყოს. ამიტომაც მგონია, სანამ ზემოხსენებული კანონი არ შეიცვლება, ამ პროცესის გაკონტროლება რთული იქნება. ამასთანავე, კანონის შეცვლის შემთხვევაში, შეიძლება ახალი გამოწვევები გაჩნდეს, თუნდაც კორუფციის რისკების გაზრდა. ამიტომაც გადაწყვეტილებები ამ ვითარების ათასგზის აწონ-დაწონის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული. ისევ ხელისუფლების რუსულ ინტერესთან დაკავშირებას მინდა დავუბრუნდე და გავიხსენო, რომ არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ლუგარის ლაბორატორია 2013 წელს სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებამ აამუშავა სრულად. სად ჩანს თუნდაც ამ საკითხში რუსული ინტერესების ლობირება?!

რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, ჩემი აზრით, განპირობებულია წმინდა ეგოისტური და ვიწროპარტიული ინტერესებით. დაახლოებით ერთი თვის წინ ვამბობდი, საეჭვოა ოპოზიციაში მოახერხონ შეთანხმების მიღწევა-მეთქი. შეხედეთ, რამდენი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში. ამერიკაში 2 პარტიაა, საქართველოში კი, ვისაც ამბიცია აქვს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა იდეები, ყველა პოლიტიკურ პარტიას აყალიბებს და მისი ლიდერი ხდება. გიორგი ვაშაძე თავის დროზე წამოვიდა `ნაციონალური მოძრაობიდან~ და თავისი მოძრაობის ლიდერი გახდა, იმიტომ, რომ ლიდერობა უნდოდა. გავეცანი მის პროგრამას და ჩემი აზრით, ცარიელი წყალია. გვპირდება, რომ საქართველოში თურმე ღარიბები და მშიერი ბავშვები აღარ იქნებიან, რაც ტყუილია, ამიტომ ამაზე ლაპარაკში დროს აღარ დავკარგავ. ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესები რომ შევაფასოთ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ძალები გამარჯვებისთვის, ანუ “ქართული ოცნების” დამარცხებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ იმისთვის, ვის დარჩება პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, ვინ მოიპოვებს მეტ სახელმწიფო დაფინანსებას და უცხოურ მხარდაჭერას.

მოკლედ, ამათ ქვეყანა ნაკლებად აინტერესებთ და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული მიზნები აქვთ. ფუჭი ლაპარაკია, თითქოს საქართველოზე შესტკივათ გული. ამიტომაც არ მჯერა, რომ მოხერხდეს თუნდაც მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება. შესაძლოა 3-4 ოლქში მოახერხონ გარიგება, დანარჩენი ძალიან საეჭვოა. გავიხსენოთ, როგორ მოიგო 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები. მან ძალიან ბევრი იშრომა და მოახერხა მთელი ოპოზიციური სპექტრის შემოკრება. დღეს კი ვხედავთ ძლიერ `ქართულ ოცნებას~ და დაქუცმაცებულ ოპოზიციას. ასეთ ვითარებაში არჩევნებში რომელიმე ოპოზიციური ძალის გამარჯვება წარმოუდგენელია. თუმცა იქმნება ძალიან საინტერესო ვითარება – არსებობს როგორც “ნაციონალურ მოძრაობაზე”, ისე “ევროპულ საქართველოზე” გაბრაზებული ამომრჩეველი. ეს კარგად აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებმა, როდესაც ამომრჩეველი პირველ ტურზე არ წავიდა, მაგრამ მეორე ტურზე მივიდა მხოლოდ იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამარჯვება არ დაეშვა. ეს მოქალაქეები მომავალ არჩევნებზე ან არ წავლენ, ან ხმას პატარა პარტიებს მისცემენ.

ჩემი აზრით, მომავალი პარლამენტის და მთავრობის გასაღები სწორედ ამ მცირე პარტიების, ჩვენი საზოგადოებისთვის შედარებით ახალი სახეების ხელში აღმოჩნდება. უდიდესი მნიშვნელობა ექნება ამ მცირე პარტიების საარჩევნო კამპანიების დამაჯერებლობას, აქტიურობას და მათ მზადყოფნას “ქართულ ოცნებასთან” შექმნან კოალიცია. მათ უნდა მოახერხონ და “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობაზე” განაწყენებული ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან მიიყვანონ. კოალიციური მთავრობის შექმნა უმნიშვნელოვანესი მგონია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას” 36-37%-იანი მხარდაჭერა ექნება და იძულებული იქნება საერთო ენა გამონახოს სწორედ ამ პატარ-პატარა პარტიებთან. დარწმუნებული ვარ, ის არც “ევროპულ საქართველოსთან” და მით უფრო არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიციას არ შექმნის. მოკლედ, წინ პარადოქსული და ძალიან საინტერესო პროცესები გველის. აქვე ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, “ლელომ” დაკარგა შანსი გამხდარიყო შუალედური, შემრიგებელი ძალა, ასე ვთქვათ, ცენტრი დაეკავებინა. ის მკვეთრ ოპოზიციაში გადავიდა და ამით ელექტორატის დიდი ნაწილის მხარდაჭერა დაკარგა.

იმაში, რომ “ქართული ოცნება” ინარჩუნებს რეიტინგს, ჩემი აზრით, უდიდესი წვლილი შეიტანა გიორგი გახარიამ, რომელიც მკვეთრად განსხვავდება წინა პრემიერ-მინისტრებისგან. განსხვავდება, ერთი მხრივ, სიხისტითა და პრაგმატიზმით, მეორე მხრივ კი პროფესიონალების მოსმენის უნარით. ის ერთადერთი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც მთავრობა სინერგიულად აამოქმედა. მაგალითად, მაია ცქიტიშვილი თუ ნათია თურნავა კომპეტენტური ადამიანები არიან, აკეთებენ თავიანთ საქმეს, რომლის წვრილმანებში არავინ ერევა, არავინ მიუთითებს მათ დეტალებზე, თუმცა მათ შეთამაშებულ მოქმედებებს განაპირობებს პრემიერის ორგანიზატორული ნიჭი. გახარიამ მეტ-ნაკლებად ყველა მინისტრს მისცა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება, თუმცა შედეგს გახარია ითხოვს, თანაც, როგორც ვიცი, საკმაოდ მკვახედ. სწორედ ეს გამოჩნდა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისას – ყველა რგოლი გამართულად მუშაობდა. არ დაგავიწყდეთ, რომ “ქართულ ოცნებას” აქტიური საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია. მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა”, – განმარტავს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე – “როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო კამპანიაში მოუწევს ჩართვა?” – პასუხობს – “ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ის პრაგმატული ადამიანია და შეეცდება, რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დახარჯოს. თუ “ქართულ ოცნებას” დასჭირდება, რა თქმა უნდა, ჩაერთვება, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. ჩემი აზრით, უნდა თუ არა, ივანიშვილს მოუწევს სადღაც სექტემბრის მეორე ნახევარში მკვეთრად გააქტიურება. ვნახოთ, თუ გამართლდება ჩემი პროგნოზი”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები