“უბრალოდ, დავიხრჩობით” – ე.წ.ჯანდაცვის უწყებაში რუსეთთან ე.წ.საზღვრის გახსნის გამო შეშფოთებას გამოთქვეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.ჯანდაცვის სამინისტროში, სამედიცინო საზოგადოების ინიციატივით, საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზეც ე.წ.რესპუბლიკაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდვითარებასა და ამ ფონზე რუსეთთან ე.წ.საზღვრის გახსნის საკითხები განიხილებოდა.
როგორც შეხვედრის დაწყებისთანავე ე.წ.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ალხას კონჯარიამ განაცხადა, ე.წ. საზღვრის გახსნიდან პირველ 24 საათში მდინარე ფსოუ თითქმის 7 ათასამდე ადამიანმა გადაკვეთა.
მისი თქმით, ადრე “საკოორდინაციო შტაბი საზღვრის ეტაპობრივ გახსნას განიხილავდა და რაც მოხდა იყო მოულოდნელი, რომ ასე უეცრად გაიხსნა, არ იყო შემუშავებული რიგი ეტაპები, საზღვარი კი ასე მარტივად გაიხსნა. ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია რესპუბლიკაში მოხვედრა”.
კონჯარიას თქმით, “საზღვრის გახსნამდე რესპუბლიკაში “კოვიდ19”-ის აფეთქება უკვე იყო. საავადმყოფოები ადგილობრივებით უკვე ივსება, ამას დავუმატოთ ისინი, ვინც ჩამოვა. უბრალოდ, “დავიხრჩობით” და დახმარებას ვერც ჩვენს მოქალაქეებს და ვერც სხვა ვინმე გავუწევთ”.
თავის მხრივ, ე.წ.მთავრობის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის შტატგარეშე თერაპევტმა, ანჟელა არჩელიამ თქვა ბოლო პაციენტებზე, რომ, მისი დაკვირვებით, ვირუსი გაცილებით აგრესიული გახდა.
“ინფიცირებულთა მდგომარეობა ელვისებურად უარესდება. ამიტომ, თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებს კონტროლი სჭირდებათ”, – აღნიშნა ექიმმა.
1-ელი აგვისტოდან რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ.საზღვარი მოულოდნელად გაიხსნა.
1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 დადასტურებული შემთხვევა იყო, 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.