ქართველი ბიჭის და იაპონელი გოგოს სპონტანურად დაწყებული ბიზნესი – “ჩამო” ვაკიჯვარში ტურისტებს ელოდება

თავიდან ყველაფერი ძალიან სპონტანურად დაიწყო. ქართველი ბიჭი და იაპონელი გოგო ერთმანეთს დოჰას აეროპორტში შეხვდა, ბიჭი სამშობლოში ბრუნდებოდა, გოგო კი რეზო გაბრიაძეზე შეყვარებული, საქართველოს სანახავად მიდიოდა. ამ შეხვედრის შემდეგ მათი გზები ისე გადაიკვეთა, რომ საქართველოში უკვე ორივეს ხანგრძლივი გეგმები აქვთ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, მდინარესთან ახლოს, წყვილმა მიწის ფართობი იყიდა, პატარა კოტეჯი ჩადგა და ასე ჩაეყარა საფუძველი “ჩამოს“.

როგორც “რეგიონულ კვირას” მოგზაური და მსახიობი მიშა არობელიძე უყვება, სოფელში ძალიან საინტერესო ხალხი ცხოვრობს და მათთან მუშაობაც საინტერესოა.

“ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება. არგენტინიდან მოვდიოდი და კატარში, დოჰას აეროპორტში შევხვდით მე და ჩიკა ერთმანეთს. ასე დაიწყო ყველაფერი. ჩამოვედი საქართველოში, ჩიკაც საქართველოში მოდიოდა. მე ვაპირებდი ერთი თვე გავჩერებულიყავი აქ და შემდეგ ისევ წავსულიყავი არგენტინაში. მაგრამ ისე გადაწყდა, რომ შევისყიდეთ მიწის ნაკვეთი. თავიდანვე ჩვენი კონცეფცია იყო ეკოტურიზმის განვითარებისთვის შეგვეწყო ხელი გურიაში, ჩვენი წვლილი შეგვეტანა. იმიტომ, რომ აქ არის საინტერესო ხალხი, ვინც აკეთებს ამ საქმეს და მათთან თანამშრომლობა და მუშაობა ძალიან საინტერესოა. ჩვენ რომ შევისყიდეთ, ეს იყო საყანე ფართობი, მას შემდეგ შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგეთ აქაურობა, დავრგეთ ახალი ნერგები, ავაშენეთ სახლი, პატარა კოტეჯი, ვაშენებთ გარე სამზარეულოს, სველ წერტილებს და სათავსოს, ყველაფერს ერთ სივრცეში – საკემპინგე ზონისთვის. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ რამდენიმე პატარა ზომის კოტეჯი დავამატოთ. ცოტა დროში არის გაწელილი ეს პროცესი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შრომა ამად ღირს”, – ამბობს მიშა.

ჩიკა საქართველოში ქართული კულტურის კიდევ უფრო ახლოს გასაცნობად მოდიოდა, თუმცა მისი გეგმები გახანგრძლივდა და გადაწყვიტა, ეკოტურიზმის განვითარებაზე მიშასთან ერთად ეზრუნა. ჩიკას საქართველო ძალიან მოსწონს.

,,პირველად დაინტერესებული ვიყავი საქართველოში ტურიზმით, ქართული კულტურით, რეზო გაბრიაძით  და მაგიტომ მოვდიოდი საქართველოში. შემდეგ აქაურობა ძალიან მოგვეწონა. ხალხი ძალიან თბილია, ბუნება ძალიან ლამაზია. მე მინდა, აქ ცხოვრება”,-ამბობს ჩიკა.

ადგილზე, სადაც საყანე ფართობი იყო, მიშამ და ჩიკამ ძალიან ლამაზი სივრცე მოაწყეს. ჩადგეს კოტეჯი, რომელიც საკუთარი გემოვნებით ააშენეს, ეზოს მთლიანი პერიმეტრი გაასუფთავეს და ხეები დარგეს, ეზოში ეწყობა საკემპინგე სივრცე და კემპინგ ზონისთვის ღია სამზარეულო, საკუთარი სველი წერტილებით. ამ ყველაფრის განვითარებას პანდემიამ ძალიან შეუშალა ხელი.

“ახლა გურიაში ჩვენ ერთად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ამ საყოველთაო პანდემიის შედეგად, ყველა დავზარალდით. ვიმედოვნებთ, რომ მალე დასრულდება. შემდეგ უკვე უნდა განვაგრძოთ მუშაობა, რა გეგმაც გვქონდა, იმის განხორციელება. უფრო მეგობრული სივრცე უნდა შევქმნათ, რათა ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდეს „ჩამოში“, – ამბობს მიშა.

სივრცისთვის”ჩამოს” დარქმევა ორივემ ერთად გადაწყვიტა. ამბობენ, რომ  „ჩამო“ – მარტივი, მოკლე და გურიასთან დამაკავშირებელი სახელია.

,,ეს გადაწყვეტილება ორივემ ერთად მივიღეთ, რომ „ჩამო“ დაგვერქმია. კონცეფცია იყო ის, რომ ყოფილიყო რაც შეიძლება მოკლე სახელი, ინფორმაციული და მარტივი. ასევე ჰქონოდა რამენაირი შემხებლობა გურიასთან. რახან „ჩამო“ გურული ტერმინია, ვიყენებთ გურულები, დავარქვით „ჩამო“.

 

თათია სამსონიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები