სიმონ პეტრიდისი: შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი წარმოადგენს იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაში საუკეთესო, საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა

შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სიმონ პეტრიდისის განცხადებით, საქართველომ “შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების რეალიზების მიმართულებით.

“კანონი შესაბამისობაშია ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებასთან და მეტიც, მიზნად ისახავს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრას.

ამასთან, ხსენებული კანონი ითვალისწინებს მნიშვნელოვან ცვლილებებს ეროვნულ საკანონმდებლო სივრცეში და წარმოადგენს იმ სამართლებრივ საფუძველს – ჩარჩოს, რომელიც იძლევა ქვეყანაში საუკეთესო, საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის შესაძლებლობას“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

მისი თქმით, კანონი გვთავაზობს ახლებურ მიდგომებს და ძალადაკარგულად აცხადებს 1995 წელს მიღებულ კანონს “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“.

“აღნიშნული ცვლილება ლოგიკურია, რადგან ამ კანონმა ამოწურა თავისი რესურსი და უკვე აღარ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს.

შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიის და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შექმნას, უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას და შშმ პირებისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხებს“, – განაცხადა სიმონ პეტრიდისიმ.

მისი აზრით, როცა ვსაუბრობთ აღნიშნულ კანონზე, აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ის არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ბუნებრივია ყველა ნიუანსს ვერ მოიცავს, მაგრამ ის გვაძლევს შესაძლებლობას, დავძლიოთ კონვენციის სრულფასოვანი იმპლემენტაციისთვის ხელშემშლელი ბარიერები. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს, მისი კომპეტენციების ფარგლებში, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.

ინფორმაციას “საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები