სერგეი შამბა, რომელიც საქართველოსთან დიალოგის მომხრეა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად ყოფილი ე.წ. პრემიერმინისტრი და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა დანიშნა.

აღნიშნულ ე.წ.თანამდებობას 2014 წლიდან მუჰამედ კილბა იკავებდა. თუმცა 16 იანვარს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ სერგეი შამბა “საქართველოსთან პირდაპირ ფორმატში” დიალოგის გამართვის მომხრეა.

2018 წლის 16 აგვისტოს “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა – “საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერი ვიყავი, მაგრამ დიალოგზე საუბარი პირველმა დავიწყე. დიახ, გვქონდა ეთნიკური კონფლიქტიც, მაგრამ დიდწილად ეს პოლიტიკური კონფლიქტი იყო. მე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ და ერთობლივ მომავალზე ვიფიქროთ იმ გაგებით, რომ მეზობელი ერები ვართ და ჩვენი მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ შევძლებდით საქართველოსთან მოლაპარაკებას, ვფიქრობდით, რომ ურთიერთობის რაღაც ფორმაზე მოვილაპარაკებდით. ფედერაციული ურთიერთობისთვის ვიყავით მზად. მოლაპარაკებების პროცესში განვიხილავდით კონფედერაციის ვარიანტსაც. ევგენი პრიმაკოვის შუამდგომლობით განიხილებოდა “ერთობლივი სახელმწიფოს” ვარიანტიც. ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, თუმცა ქართული მხარე ყველაფერზე უარს ამბობდა. ახლა უკვე ძალიან გვიანია. დრო შეიცვალა. ახლა მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე შეიძლება საუბარი”.

ანალოგიური პოზიცია მან იანვარშიც დააფიქსირა, როდესაც სოხუმში ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას ითხოვდნენ.

მაშინ შამბამ თქვა – „ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რათა ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ. მე ამის მომხრე ვარ და ვეწინააღმდეგები დღევანდელის მსგავსი კონფრონტაციის გაგრძელებას. უნდა დავსხდეთ და საუბარი დავიწყოთ. ამისთვის სხვადასხვა ფორმა არსებობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები