კადიროვმა პომპეოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა – სახელმწიფო მდივანს ჩეჩნეთში აღარ ეპატიჟება და ანგარიშები გაუყინა
რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ხელმძღვანლად ხელდასმულმა რამზან კადიროვმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა.
ინფორმაციას Grozny.TV ავრცელებს.
კადიროვმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ადრე პომპეო სტუმრად მიიწვია, თუმცა ახლა უკვე ამის უფლება აღარ აქვს.
“მორჩა, ვაუქმებ მოწვევას და ვაცხადებ, რომ მას ყველა იმ სანქციას ვუწესებ, რომელიც რესპუბლიკაში გვაქვს, მათ შორის, მისი ყველა ანგარიშის დაბლოკვა”, – განაცხადა კადიროვმა.
მისი თქმით, არ ესმის, რატომ შეიყვანა ვაშინგტონმა მისი ოჯახის წევრები “შავ სიაში”, რადგან ისინი პოლიტიკაში არ ერევიან.
რამდენიმე დღის წინ მაიკ პომპეომ რამზან კადიროვს “ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის” სანქციები დაუწესა.
აღნიშნულს რესპუბლიკის მუსლიმთა კავშირი გამოეხმაურა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “ნომერ პირველ ტერორისტულ ორგანიზაციად” გამოაცხადა.