არჩილ გორდულაძე: გახარია გაურბის მართლმსაჯულებას, მის გუნდს არ აქვს უფლება შეკრება-მანიფესტაცია ახსენოს
“ქართული ოცნების” წევრი არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდის.
“არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია ახსენონ, გამომდინარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტები, 19-20 ივნისს, გამოძიებულ იქნეს. გამოძიებამ გამოავლინა, რომ გიორგი გახარია არის ბრალდებული კონკრეტულ საქმეში, ახლა კი ის გაქცეულია საქართველოდან და გაურბის მართლმსაჯულებას. შესაბამისად, მისი პარტიის არცერთ წევრს არავითარი მორალური, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, რომ სიტყვა შეკრება და მანიფესტაცია ახსენოს.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ კანონმდებლობას, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილებები სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ჩასწორებები, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ამავდროულად სტრასბურგის სტანდარტებთან. ვინც აპროტესტებს აღნიშნულ ცვლილებებს, იგი აპროტესტებს რეალურად სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შეუძლიათ, რომ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ სტრასბურგში,” – აღნიშნა გორდულაძემ.