პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს ასრულებდა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მისაკუთრების მიზნით, სხვადასხვა დროს, კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისათვის მისაღები ანაზღაურება – 120 000 ლარი, კლიენტებს მის მიერ მიწოდებულ, სხვა საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.