იოსებ არჩვაძე: უცხოელ ინვესტორებს საქართველოში მაქსიმალურად გახსნილი, თბილი და კეთილგანწყობილი გარემო ხვდებათ
“უცხოელ ინვესტორებს საქართველოში მაქსიმალურად გახსნილი, თბილი და კეთილგანწყობილი გარემო ხვდებათ”, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იოსებ არჩვაძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას „ფრონტერას“ შესახებ.
მისი თქმით, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ჯერაც სუსტი სახელმწიფოა, მაინც ნელ-ნელა, „შეუმჩნევლად“ ამკვიდრებს ჰუმანიზმსა და ტოლერანტობაზე დამყარებულ ურთიერთობათა ახალ სისტემას.
„ფრონტერასათვის“ მიცემული კიდევ ერთი შანსი – ეს არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ფირმისათვის გაგზავნილი მკაფიო შეტყობინება, არამედ, ზოგადად, ამერიკელი, ევროპელი და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინვესტორებისათვის, თუ რამდენად გახსნილი და კეთილსაიმედოა საქართველოს ხელისუფლება უცხოელი ინვესტორებისათვის, რომ მათ საქართველოში ელოდებათ არა სამართლებრივი „ჯუნგლები“ და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მტრული დამოკიდებულება, არამედ – მაქსიმალურად გახსნილი, თბილი და კეთილგანწყობილი გარემო, ხელშეწყობა, რომელიც ინვესტორთა მხრიდან ასეთივე ცივილიზებულ და სამართლიან დამოკიდებულებას უნდა ეფუძნებოდეს.
საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ჯერაც სუსტი სახელმწიფოა, მაინც ნელ-ნელა, „შეუმჩნევლად“ ამკვიდრებს ჰუმანიზმსა და ტოლერანტობაზე დამყარებულ ურთიერთობათა ახალ სისტემას, ფასეულობათა ახალ შკალას – ურთიერთობებს, სადაც საზოგადოებრივი წარმოებისა და საქმიანობის ერთადერთი და ექსკლუზიური მიზანი არაა მოგებაზე ორიენტაცია”, – წერს იოსებ არჩვაძე.