ნათია თურნავა: როგორც ჩანს, „ფრონტერას” საქმიანობის ზოგადი სტილია, რომ ვალდებულებებს არ ასრულებს
„სხვა კრედიტორებთან „ფრონტერას” ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს განცხადებაშია მოხსენიებული, ცნობილია და ღია წყაროებზე დაყრდნობით, მათი გადამოწმება ნებისმიერს შეუძლია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ,,ფრონტერას” აქვს საკმაოდ სერიოზული ფინანსური პრობლემები, აქ საუბარია არა „ფრონტერა საქართველოზე”, არამედ – „ფრონტერა ჯგუფზე”.
მინისტრმა აღნიშნა, რომ „ფრონტერა ჯგუფში” გარკვეული ხნის წინ ლიკვიდატორი დაინიშნა, სახეზეა ვალაუვალობის ნიშნები და მას საკმაოდ ბევრი კრედიტორი ჰყავს.
მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციამ მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ერთერთმა კრედიტორმა ამერიკულმა კომპანიამ „ფრონტერას” მოუგო სასამართლო დავა და ახლა აუქციონზე მისი კუთვნილი ქონების აღსრულება იწყება. საუბარია ნავთობისა და გაზის მილებზე.
„როგორც ჩანს, ესაა „ფრონტერას” საქმიანობის ზოგადი სტილი და პრობლემა, რომ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და ეს პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.