ავღანეთში ავიაიერიშს, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დასავლეთით, ჰერათის პროვინციაში ავიაიერიშს, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა.

უცხოური მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ პროვინციაში “თალიბანის” ლიდერები იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც ავიადარტყმა მოხდა.

როგორც TOLO News-ი პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელზე, ჯელანი ფარჰადზე დაყრდნობით წერს, დარტყმას “თალიბანის”, სულ მცირე, ექვსი მეთაური ემსხვერპლა, დანარჩენები დაშავდნენ.

მომხდარის მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ იერიშს მშვიდობიანი მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ. მედიაში დაღუპულთა შესახებ სხვადასხვა მონაცემი ვრცელდება, ამასთან, აღინიშნება, რომ გარდაცვლილია, სულ მცირე, 50 ადამიანი.

ჯელანი ფარჰადის განცხადებით, “თალიბანის” ლიდერების შეკრების მიზეზი იყო სამთავრობო შენობებსა და ქალაქ ჰერათში თავდასხმების დაგეგმვა.

მომხდარს ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის ელჩი, ჰალილზად ზალმაი გამოეხმაურა, რომელმაც ავიაიერიში დაგმო. მან ასევე თქვა, რომ გავრცელებული ფოტომასალა ასევე თვითმხილველთა მონათხრობი მიანიშნებს იმაზე, რომ დაღუპულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვებიც.

მან ყველა მხარეს მოუწოდა, შეწყვიტონ ძალადობა, დაიცვან სამოქალაქო მოსახლეობა, ასევე, გამოიჩინონ თავშეკავება, რადგან, მისივე თქმით, შიდაავღანური მოლაპარაკებების დაწყებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები