მიხეილ ყაველაშვილი: შალვა ნათელაშვილთან შედარებით უპირატესობა მაქვს, რადგან „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, შეხედულებებს ყოველ წელს არ ვიცვლი

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კონკურენტი, შალვა ნათელაშვილი დიდი ხანია, პოლიტიკაშია, საზოგადოებას თავი დაამახსოვრა იმით, რომ პოზიციებს ხშირად იცვლის და მის არაადეკვატურ გამონათქვამებზე საუბარი ზედმეტია”, – ამის შესახებ ნაძალადევის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნათელაშვილი სპორტშიც და ყველგან არასტაბილური პერსონაა.

„უპირატესობა მაქვს, რადგან „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, ასევე, უფრო ადეკვატური ვარ და ყოველ წელს შეხედულებებს არ ვიცვლი იქედან გამომდინარე, თუ ვინ არის ჩემ გარშემო. ეს ყველაფერზე პასუხია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კონკურენტი, შალვა ნათელაშვილი დიდი ხანია, პოლიტიკაშია, საზოგადოებას თავი დაამახსოვრა იმით, რომ პოზიციებს ხშირად იცვლის და მის არაადეკვატურ გამონათქვამებზე საუბარი ზედმეტია.

შეჯიბრის თვალსაზრისით, როგორც სპორტსმენი ადამიანი, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის გამარჯვებისკენ მივისწრაფვი და ამ თემას სპორტული ჟინიც რომ მივცე, ეს ახალი არ არის. ვეცდები, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო. შალვა ნათელაშვილი სპორტშიც და ყველგან არასტაბილური პერსონაა. კონკურენტი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, ყველაფერი ხუმრობაში გადამეტანა, მაგრამ ამომრჩეველს პატივს ვცემ.

ამ ადამიანს რესურსი ჰქონდა, რომ კარგი პოლიტიკოსი ყოფილიყო, მაგრამ ის შეფასებები, რასაც აკეთებს, ჩემთვის მიუღებელია ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც. თუ დააკვირდებით, ოპოზიციაში მყოფი ადამიანები დიდი ხანია, პოლიტიკაში არიან და ზუსტად მათი იმიჯიდან არის წარმოქმნილნი, რომ ადამიანებს პოლიტიკის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ. გვინდა, რომ ეს იმიჯი შეიცვალოს და პრობლემებსა და გამოწვევებზე იყოს აქცენტირებული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები