გიორგი ვოლკსი: ვინატრებდი, იყოს ოპოზიციის ის რესურსი საქართველოში, რომელიც ინტელექტუალურ ოპონირებას გიწევს და ამ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება

“ვინატრებდი, იყოს ოპოზიციის ის რესურსი საქართველოში, რომელიც ინტელექტუალურად ოპონირებას გიწევს და ამ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება. მომავალში ვერ ვხედავ კონსტრუქციული აზრთა დაპირისპირების პერსპექტივას, თუმცა იმედი მაქვს, რომ პარლამენტში (ვინაიდან პარლამენგტში უფრო პლურალისტური იქნება და გაფართოვდება პოლიტიკური ძალების მონაწილეობა), აღმოჩნდება მაინც და დაიმკვიდრებს საერთაშორისო ევროპული წარმატებული სტანდარტი იმ დავისა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტვ „მაესტროს” ეთერში.

რაც შეეხება წარსულს, ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ მთავარი თემა მაინც უკავშირდება სტაბილურობას. მისივე თქმით, სტაბილურობის გარეშე არ არსებობს განვითარება. მან ისაუბრა ხელისუფლების მიღწევებსა და იმ ცვლილებებზე, რაც „ ქართულმა ოცნებამ” განახორციელა ბოლო 8 წლის განმავლობაში.

„ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა სოციალური პაკეტი ყოფილიყო ძლიერი, კონსტიტუციაში ჩავწერეთ და, პრაქტიკულად, უამრავი ადამიანი, რომელიც სიკვდილისთვის იყო გადადებული, ყოველგვარი პათოსის და გადაჭარბების გარეშე ვამბობ, გადარჩა. ამოისუნთქა ბევრმა ადამიანმა.ძალიან ბევრ ოჯახს შეეხო ეს. განათლების სისტემის გაუმჯობესება იმ მასშტაბით ვერ მოვახერხეთ, რაც საჭიროა ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე მყარად საუბრისთვის, მაგრამ უკვე 8 წლის თავზე შევძელით, რომ ამ პერსპექტივაზე ვიფიქროთ, როცა განვითარებული ევროპული ქვეყნებიდან ჩამოვლენ ჩვენთან განათლების მისაღებად. ახალგაზრდული რესურსი , რომელიც გაგვაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ახალგაზრდულ რესურსს არ აქვს ემოციური კავშირი იმ პერიოდთან , როცა საქართველო მძიმე მდგომარეობაში იყო. ჩვენ მოვედით მემკვიდრეობით, როცა საქართველოს ტერიტორიების 1/5 არის დაკარგული ჯერ დროებით, დარწმუნებული ვარ, მაგრამ სამხედრო ბაზებით გაძეძგილი და შეგვეძლო ეს თავიდან აგვეცილებინა, რომ არა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი შეცდომები. მოვედით იმ პრობლემით, რასაც ჰქვია უშველებელი რაოდენობა გაჭირვებული ადამიანების – მილიონ ორასი ათასი ადამიანი სიღარიბის ქვევითაა. დღეს განახევრებულია ეს მაჩვენებელი. გაძვალტყავებული და მიწასთან გასწორებული სოფელი დაგვხვდა, და საერთოდ არანაირი ინვესტიციის პერსპექტივა არ არსებობდა, როდესაც დღეს უკვე ასეულებს ითვლის ის საწარმოები, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით გაკეთდა და თუნდაც ფერმერული მეურნეობები. აი, ეს არის ის მიმართულებები, რასაც გაცილებით მეტი ტემპი ექნებოდა წლის ბოლოსთვის და საგრძნობ ციფრებზე საუბარი შეიძლება გვქონოდა, მაგრამ ამ პანდემიამ სერიოზულად დაგვარტყა. თუმცა, მეორე მხრივ, პანდემიამ აჩვენა ყველას, რომ თურმე რანაირი არაფორმალური მმართველობა არ არის, თურმე არსებობს გუნდი და არსებობს ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები გააკეთოს , რომელიც საქართველოს პოლიტიკურ მნიშვნელობას სააერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო გააძლიერებს. მხედველობაში მაქვს სატრანზიტო დერეფნები, რომელიც იქნება საერთაშორისო მაღალი სტანდარტის. მნიშვნელოვანია, ამავე დროს არ დაივიწყო ის სოციალური პაკეტი, რომელიც სჭირდება ბევრ ადამიანს გადარჩენისთვის, რათა წელში გასწორდეს და იფიქროს შემოსავლის გაზრდაზე. სამუშაო ადგილების პრობლემა კვლავ რჩება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეიქმნა. ვფიქრობ, ძალიან ნელა ხორციელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც მართალია ათეულობით მილიონ დაბრუნებულ ქონებას ითვლის, მაგრამ ეს კიდევ ზღვაში წვეთია იმ ხელისუფლების პირობებიდან დატოვებული, რომელსაც დღეს კიდევ პრეტენზიები აქვს “, -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები