ზურაბ ბატიაშვილი: თურქეთის შესაძლო ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოსთან – ეს რუსული ნარატივია

პოლიტოლოგების შეფასებით რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ხელში თურქეთმა საბოლოოდ თქვა უარი მეზობლებთან ე.წ. ნულოვანი პრობლემების პოლიტიკაზე და ცდლილობს, სულ მცირე, რეგიონული მნიშვნელობის დამოუკიდებელ და ბრუტალურ ძალად ტრანსფორმირდეს. რას მოასწავებს თურქეთის ამგვარი ტრანსფორმაცია საქართველოსათვის? ამ და სხავა არაერთ კითხვაზე პასუხის მიღებას „კვირა“აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილისგან შეეცადა.

აია სოფიას მეჩეთად გამოცხადება რა აუცილებლობით იყო ნაკარნახები, რაში დასჭირდა ერდოღანს ამის გაკეთება, რა გზავნილი იყო ეს?

ეს არის მკაფიო მესიჯი, რომ თურქეთი არის დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი. ის აღარ არის მე-20 საუკუნის თურქეთი, ატარებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და შეუძლია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ისეთი საკითხი, როგორიც არის აია სოფიას ბედი. მე-20 საუკუნეში თურქეთი მთლიანად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პარალელურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და ეს ახლა ასე აღარ არის. თურქეთის პოლიტიკაში ეს ცვლილებები დაიწყო მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი. თურქეთი აღარ დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რომელიც საბჭოეთიდან მოდიოდა. თურქეთის დამოუკიდებელი პოლიტიკა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ერდოღანი.

აია სოფას მეჩეთად გამოცხადება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთი, როგორც სეკულარული სახელმწიფო, დასრულდა და დაიწყო მისი ისლამიზაცია?

ასეთი მოსაზრებები ისმის, თუმცა ვფიქრობ, ამის გადაჭრით თქმა ჯერ ნაადრევია. თურქეთის კონსტიტუციაში ჯერ კიდევ რჩება ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთი სეკულარული, ანუ საერო სახელმწიფოა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ კონსერვატიული ძალები ძლიერდება.

რეგიონულ არჩევნებში ბოლოს ოპოზიციამ მთელ რიგ ქალაქებში, მაგალითად, სტამბოლში აჯობა ხელისუფლებას. ეს რას ნიშნავს ?

აქ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი. ერთი ის,რომ 2019 წლის არჩევნების დროს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული 2018 წლის ეკონომიკური კრიზისი, რამაც დიდი გავლენა იქონია მოსახლეობის განწყობაზე და ხელისუფლებას დიდ ინდუსტრიულ ქალაქებში საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა. მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით მაინც პირველ ადგილზე გავიდა. მნიშვნელოვანია ის გარემობაც, რომ სტამბულსა  და ანკარაში მართველი ძალის დამარცხება მხოლოდ ოპოზიციის ერთობით მოხერხდა და არა – რომელიმე ერთი ოპოზიციური ძალის ძალისხმევით. ანუ, მმართველ ძალას ხალხში დასაყრდენი აქვს.

თურქეთის ამბიციები და შესაძლებლობები თუა თანხვედრაში ერთმანეთთან?

ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ სირიასა და ლიბიაში, თურქეთი საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგეა ყველა იმ ძალებისათვის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში საკუთარი გავლენის გაფართოებას ცდილობენ. თურქეთმა ლიბიაში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ლიბიის პროთურქულ მთავრობას სწორედ თურქეთი უჭერს მხარს და სწორედ თურქეთის მხარდაჭერით შეძლო ამ მთავრობამ ლიბიის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება. თურქეთი, ფაქტობრივად, ქვეყნის ნახევარს აკონროლებს. არადა, ცოტა ხნის წინ აჯანყებულებმა ლამის ტრიპოლი, ქვეყნის დედაქალაქი აიღეს. თურქეთი არ მოერიდა არც რუსეთს და არც – საფრანგეთს რომელსაც ლიბიაში საკუთარი იმტერესები აქვს. ასე რომ, თურქეთი არ არის ხელწამოსაკრავი ძალა.

ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი და თურქეთი მაინც ახერხებენ თანამშრომლობას, ეს რით აიხსნება?

დაპირისპირება და წინააღმდეგობა ამ ორ ქვეყანას ნამდვილად აქვთ, თუმცა არის ტაქტიკური საკითხები, სადაც მათი ინტერესები ემთხვევა. ესაა, მაგალითად ვაჭრობა, ეკონომიკის სხვა ისეთი დარგი, როგორიცაა ტურიზმი. რუსეთი ცდილობს, საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე ისევ ჰეგემონი გახდეს. თურქეთი კი ნატო-ს წევრი სახელმწიფოა, რომელსაც ამ არეალში საკუთარი ინტერესები და ამბიციები აქვს. ასე რომ, რუსეთ -თურქეთის სტრატეგიული პარტნიორება მე შეუძლებლად მეჩვენება. თუმცა, გარკვეულ საკითხებში მათ თანხვედრა ექნებათ.

თურქეთი ერთერთი მათგანია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. რა მოტივაცია აქვს თურქეთს ამ შემთხვევაში?

თურქეთის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მოკავშირეები და ძლიერი მოკავშირეები ჰყავდეს. ეს მას, გარკვეულწილად, რუსეთის საპირწონედაც სჭირდება. თუ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, მას უჩნდება ალიანსში ისეთი მოკავშირე, რომელთანაც ბევრი საერთო ინტერესი აქვს და რუსეთთან, ანუ საკუთარ პოტენციურ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება აქვს.

დღეს ბევრი საუბრობს, რომ თურქეთის მზარდ ამბიციებს შესაძლოა, საქართველოსთან დაპირისპირება და ტერიტორიული პრეტენზიები მოჰყვეს?

თურქეთი არის საქართველოს ძალიან მკაფიო და დიდი მხარდამჭერი. ეს ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, მსგავსი შიშები და მოსაზრებები არის რუსეთის მიერ ინსპირირებული და რეალობას აცდენილი. ეს არის კრემლის ნარატივი, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოში ზოგიერთები ახმოვანებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები